საქართველო-ისრაელის ურთიერთობა

იუვალ ფუქსი: სავიზო რეჟიმსა და პოლიტიკაში ცვლილებები არ მომხდარა

ისრაელის სავიზო რეჟიმსა და პოლიტიკაში ცვლილებები არ მომხდარა, - განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში,  ქართველ მომლოცველთა ჯგუფისთვის საშობაოდ, ვიზებზე უარის თქმასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ისრაელი აგრძელებს პილიგრიმებისთვის ვიზების გაცემას.

"ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი ოფიციალური პოზიცია ისრაელს ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, თუ რა პოზიცია ჰქონდა ისრაელს სავიზო საკითხებთან დაკავშირებით და ის დღესაც უცვლელია: სავიზო რეჟიმსა და პოლიტიკაში არ მომხდარა ცვლილებები, ჩვენ ვაგრძელებთ პილიგრიმებისთვის ვიზების გაცემას. შესაძლოა, რაღაც ინციდენტი მოხდა და ვინმეს უარი უთხრეს ვიზაზე, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ამას რაიმე საერთო აქვს სხვა პოლიტიკურ მოვლენებთან. ამ კონკრეტულ შემთხვევას საერთო არ აქვს სხვა პოლიტიკურ მოვლენებთან. მიუხედავად იმისა, თუ რას ლაპარაკობენ მედიაში, პასუხი ერთია - არა'' , - აცხადებს ისრაელის ელჩი.

მისი განცხადებით, გაერო-ში პალესტინის დამკვირვებელ ქვეყნად აღიარების საკითხში ქართული მხარის მხარდაჭერით იმედგაცრუებულნი დარჩნენ, თუმცა ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა. 

"რაც მაშინ ვთქვი, ახლაც იმას გავიმეორებ. მე ვთქვი, რომ ჩვენ გაკვირვებული და იმედგაცრუებული დავრჩით. უკვე ერთი თვეა, რაც ეს რეზოლუცია დამტკიცდა და იცით, რა? ყველაზე უკეთესი, რაც ამ სიტუაციაში შეგვეძლო გაგვეკეთებინა, იყო ის, რომ ორივე მხარე შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ამასთანავე, მინდა გავიმეორო ის, რაც მედიას განვუცხადე აქ ჩამოსვლის პირველსავე დღეს: მე აქ ვარ, რათა ვიმუშაო ორმხრივ ურთიერთობებზე, გავაგრძელებ ორმხრივ ურთიერთობებზე მუშაობას პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური თუ სხვა კუთხით. ჩვენ არ ვეთანხმებით საქართველოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე მოხდა'', - აცხადებს იუვალ ფუქსი. 

ფუქსი პირობას დებს, რომ ისრაელში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

"ჩვენ წინ ვიყურებით, სადაც სხვა მრავალი საერთო გამოწვევაც გვაქვს, ორმხრივი, რეგიონული თუ საერთაშორისო. ამ მხრივ ჩვენ შორის არაფერი შეცვლილა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში, გპირდებით, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება'', - აღნიშნავს ფუქსი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში. 

კომენტარები