შსს

შსს-მ ბექა გოჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით გენერალურმა ინსპექციამ ბექა გოჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა დაიწყო.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოკვლევის მასალები საჯარო გახდება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ბექა გოჩიაშვილისა და მისი ძმის ლაშა გოჩიაშვილის მოწმის სახით დაკითხვის დროს, ადგილი ჰქონდა პოლიციელთა მხრიდან მუქარას, ზეწოლას და უფლებამოსილების გადამეტებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კანონის სრული დაცვით, მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის ჯაზმენმა გუშინ, 14 იანვარს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ინტერვიუ მისცა და სამართალდამცავები ზეწოლაში დაადანაშაულა. 
შსს აცხადებს, რომ ბექა გოჩიაშვილი და მისი ძმა ლაშა გოჩიაშვილი მოწმის სახით 2013 წლის 4 იანვარს ნანა დავითაიას საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით დაკითხეს. დაზარალებულის ბინიდან  "მოიპარეს სეიფი, რომელშიც ნანა დავითაია ინახავდა 60 000 ევროს, 20 000 ლარს, 10 000 აშშ დოლარს და 300 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროულობას", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, ნანა დავითაიას ბინის გასაღებით ისარგებლა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, ბექა გოჩიაშვილმაც, რომელიც დავითაიას თანხმობით, ერთი დღე დარჩა აღნიშნულ ბინაში, სადაც მას მეგობრები ესტუმრნენ.
სამინისტრო აცხადებს, რომ ბექა გოჩიაშვილმა დაკითხვისას განმარტა, რომ  "ბინაში ყოფნის დროს, მისმა მეგობრებმა  სახლი დაათვალიერეს და ეძებდნენ USB-ის გადამყვან კაბელს, რა დროსაც, ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, დაუძახა საძინებელი ოთახიდან და უთხრა, რომ კარადაში იყო სეიფი. იგი შევიდა, ნახა სეიფი და მეგობრებს სთხოვა, რომ ძებნა აღარ გაეგრძელებინათ, ვინაიდან თავი ძალიან უხერხულად იგრძნო. 2013 წლის 4 იანვარს, ღამით კი - გაიგო, რომ დავითაიას ბინიდან სეიფი იყო მოპარული".
აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას ვაკე-საბურთალოს პოლიცია აწარმოებს.   

კომენტარები