იუსტიციის სამინისტრო

თეა წულუკიანი: თუ ეკონომიკური ამნისტია ინვესტორებს შეუქმნის უკეთეს განწყობას პროცესებისადმი, რატომაც არა

"სანამ რაიმე დასკვნებს გავაკეთებთ, ჯერ სჯობს ჩავიხედოთ, რა წერია პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივაში", - განაცხადა  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მე-9 არხზე, ეკა ბერიძის გადაცემა მთავარ კითხვაში სტუმრობისას. წულუკიანმა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შესახებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე ისაუბრა. 
წულუკიანის განცხადებით, მიესალმება იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი იყენებს თავის საკონსტიტუციო უფლებას, საკანონმდებლო ინიციატივით შევიდეს პარლამენტში. 
"ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელსაც სურს საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება ქვეყანაში, სწორედ ასე უნდა იქცეოდეს. უბრალოდ გასაკვირია, რომ ეს ინიციატივები მოდის ახლა. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუკი ეკონომიკური ამნისტია ინვესტორებს შეუქმნის უკეთეს განწყობას ეკონომიკური პროცესებისადმი, რატომაც არა. მაგრამ მანამ, სანამ რაიმე დასკვნებს გავაკეთებთ, სჯობს ჩავიხედოთ, რა წერია პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, ჯერ ზეპირი გამონათქვამების შედეგად არის ცნობილი", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, სანამ მიხეილ სააკაშვილი ისაუბრებდა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ამის შესახებ, ძალიან ბევრმა პროკურორმა გამოთქვა თავისი აზრი.
"მათ თქვეს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც ბატონი ზურაბ ადეიშვილი იყო მინისტრი და ამავე დროს პროკურორი, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ტენდენცია იყო სწორედ იქითკენ, რომ ნებისმიერი ეკონომიკური ხასიათის გადაცდომა თუ კანონშეუსაბამობა ავტომატურად კვალიფიცირდებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის კუთხით. პროკურორები, რომლებიც გათავისუფლდნენ იმ წნეხისგან, რომ განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება არ ჰქონდათ, პირადად ჩემთან საუბარში ამბობდნენ, რომ იქნებოდა კარგი - თუ არა უმრავლეს შემთხვევაში, ზოგიერთ შემთხვევაში მაინც მოხდეს დეკრიმინალიზაცია", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი 3 საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის - ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის. 

კომენტარები