სტიქია კახეთში

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდი ქართუ 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა. ფონდ ქართუს აღმასრულებელი დირექტორის ნიკო ჩხეტიანის თქმით, ჯამში ფონდი დაზარალებული მოსახლეობისთვის 100 მილიონ ლარს გამოყოფს - 95 მილიონს სოფლის მეურნეობისთვის და 5 მილიონს სახურავების შესაკეთებლად. კომპენსაცია კახეთის 5 რაიონში, 28 500 ოჯახზე განაწილდება. კომისიის თავმჯდომარის თენგიზ შერგელაშვილის თქმით, დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის ოდენობა 100 ლარიდან რამდენიმე ათას ლარამდე განისაზღვრა.  

კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ქართული ოცნება ზარალის სრულად ანაზღაურების დაპირებას იძლეოდა და მათი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს დაპირება შესრულდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოვლენები იყოს გამჭვირვალე და ყველაფერი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხდებოდეს. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ კახეთის 5 რაიონის გამგეობაში სახურავების პრობლემასთან დაკავშირებით 6 500-მდე განაცხადი შევიდა, გადაიხურა 100-ზე მეტი სახლი, შესაკეთებელი სამუშაოებისთვის კომპენსაცია გაიცა 350 ოჯახზე. თენგიზ შერგელაშვილის განმარტებით, პროცესი გაგრძელდება და, ჯამში, სახურავების მოწესრიგება შეეხება ყველა იმ ოჯახს, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალდა.

კომენტარები