ოკუპირებული ტერიტორიები

ანქვაბი: თუ რკინიგზაზე შემოთავაზება იქნება, კოლექტიურად განვიხილავთ

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენის იდეას გამოეხმაურა. მისი თქმით, სოხუმისთვის კონკრეტული შეთავაზებით არავის მიუმართავს. 

"არავითარი მომართვა [რკინიგზის გახსნასთან] დაკავშირებით არცერთი მხრიდან არ ყოფილა. არავითარი დადებითი იმპულსები "აფხაზი ძმების"“ მხრიდან, როგორც ამგვარად, თქვენი სიტყვებით, ივანიშვილმა გამოთქვა, არ ყოფილა. ყველაფერ ამაზე თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ მას", განაცხადა ანქვაბა. "თუ რაიმე კონკრეტული წინადადებები შემოვა ჩვენთან, მაშინ დავსხდებით და მათ კოლექტიურად განვიხილავთ".

ანქვაბის თქმით, საჭიროა სპეციალისტები დასხდნენ და გაარკვიონ თუ რა შეიძლება მიიღოს რკინიგზიდან აფხაზურმა მხარემ. თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ასეთი რკინიგზის აშენება დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, რადგან ამ მომენტისთვის რკინიგზა აფხაზეთის ტერიტორიაზე ცუდ მდგომარეობაშია. 

რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის გავლით გახსნაზე უკანასკნელი განცხადება პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტისას გააკეთა. ივანიშვილის თქმით, რკინიგზის აღდგენა მას შესაძლებლად მიაჩნია, თუმცა საკითხის მოგვარება მარტივი არ იქნება რუსეთთან და "აფხაზ ძმებთან" არცთუ ისე ადვილი ურთიერთობების გამო. პროექტის განხორციელებაში ინტერესი გამოხატა სომხურმა მხარემაც.

ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის თქმით, რკინიგზის გახსნის საკითხის დეოკუპაციის გარეშე განხილვა "ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული" აქტია. 

აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ შეწყდა. 2004 წელს რუსეთმა სარკინიგზო მიმოსვლა შექმნა სოჭსა და სოხუმს შორის. 2004 წლის ბოლოს კი სეპარატისტულ რეგიონთან რკინიგზა სოჭი-სოხუმის მონაკვეთზე გახსნა. 

 

კომენტარები