ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

მიხეილ სააკაშვილი: ვინც საქართველოს ინტერესებს იცავს, პირველი ისინი მოხვდნენ წნეხის ქვეშ

მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტს დინ სპილმანს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სააკაშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. მან საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საქმეზეც ისაუბრა. 
"პრაქტიკულად, ეს საქმე არის დამთავრებული. დღევანდელ შეხვედრაზე ეს არ განხილულა, იმიტომ რომ ეს კონკრეტული სასამართლოს საქმეა და პროტოკოლში არ ზის მისი განხილვა სასამართლოს თავმჯდომარესთან. მაგრამ, მე კარგად ვიცნობ ამ საქმეს და კარგად ვიცი, რომ საქმე საქართველოსთვის ძალიან კარგად და სასიკეთოდ წარიმართა. უახლოეს კვირებში ამ საქმეზე საბოლოო შედეგები საჯაროდ უნდა გამოცხადდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს არის იმის შედეგი, როდესაც პრინციპულად იცავ შენს პოზიციებს, არ იხევ უკან და შენს სიმართლეს საერთაშორისო დონეზე ამტკიცებ. ამ კონტექსტში პრეზიდენტმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, თინათინ ბურჯალიანის ძალისხმევაც გაიხსენა, თუმცა აღნიშნა, რომ ბურჯალიანს "ისე გაუხადეს საქმე, რომ საერთოდ დატოვება მოუხდა და ეს არის ძალიან ცუდი. აქაური ჩვენი ელჩი, მამუკა ჟღენტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიწვია უკან. მე ამის გამო გამოვთქვამ დიდ მწუხარებას. ეტყობა, ისეთი დრო დადგა, რომ ვინც საქართველოს ინტერესებს იცავს, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან განსაკუთრებით, პირველი ისინი მოხვდნენ ამ წნეხის ქვეშ", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები