პატრიარქის ვიზიტი

ილია მეორემ კრემლში სწირა

მოსკოვის კრემლში მდებარე მიძინების ტაძარში, სადაც წინა წელს ვლადიმირ პუტინის საინაუგურაციო ცერემონიის რელიგიური ნაწილი გაიმართა, რუსეთისა და საქართველოს პირველიერარქებმა ლიტურგია აღასრულეს. ლიტურგიის შემდეგ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ალექსანდრე ნეველის სხეულის ნაწილი გადასცა.

კირილმა გამოთქვა სურვილი, რომ ნოვგოროდის მთავრის წმინდა ნაწილს ქართველი მორწმუნეები საქართველოსა და რუსეთს შეავედრებენ. მან გაიხსენა, რომ საქართველოში ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესიაც ფუნქციონირებს.

ილია მეორემ კირილს "მართლმადიდებლობის მცველი" უწოდა და საჩუქრად ივერიის ღვთისმშობლისა და წმინდა ნინოს ხატები გადასცა. საჩუქრების გადაცემისას პატრიარქმა თანამწირველს გაახსენა, რომ მისი მშობლიური ქალაქი ფაშისტებისგან 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს გათავისუფლდა: "მე იმედი მაქვს, რომ ეს ხატი პეტერბურგის მფარველად იქცევა".

ლიტურგიას ასევე ესწრებოდა ანდრია პირველწოდებულის ფონდის წარმომადგენელი ვლადიმირ იაკუნინი და ლიბანის პრეზიდენტი მიშელ სულეიმანი, რომლებიც გუშინ კირილმა მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდის მიერ დაწესებული პრემიით დააჯილდოვა. პატრიარქისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა ხვალისთვის იგეგმება.

 

კომენტარები