მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

ივანიშვილი დავოსში ერთ-ერთ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრემიერმინისტრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დღეს, 23 იანვარს, ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე ერთ-ერთ სესიაზე – „ახალი გამოწვევა ცენტრალური აზიისთვის“.  პრემიერმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე.
ივანიშვილის თქმით, ცენტრალური აზია მისი ზრდის პოტენციალისა და განვითარების სისწრაფის გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია მსოფლიოში. ცენტრალური აზიის ქვეყნების განვითარების ტემპებით დაინტერესებულნი არიან როგორც აზიის, ასევე ევროპის ქვეყნებიც. 
ივანიშვილის განცხადებით, საქართველო ჩართულია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პროექტებში.
„საქართველო, რომელიც უკვე ფლობს ფუნქციურ საზღვაო, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურას, წარმოადგენს ბუნებრივ გაგრძელებას ცენტრალური აზიის სატრანზიტო გზის, რომელიც აკავშირებს მზარდ ევროპისა და აზიის ბაზრებს. იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანზიტო პოტენციალის კონკურენტუნარიანობა გაძლიერდეს, საჭიროა ყველა რეგიონის წევრისათვის მისაღები და კონკურენტუნარიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა“, - აღნიშნა პრემიერმა. 
როგორც ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდი იუწყება, „საქართველოს პრემიერმინისტრი გამოვიდა ინიციატივით, სამთავრობო კომისიების დონეზე შეხვედრებმა უფრო რეგულარული სახე მიიღოს, რადგან ინფორმაციის გაცვლა და პროცედურების ჰარმონიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია წარმატების მიღწევისთვის“.

კომენტარები