კულტურის სამინისტრო

ზაალ ჩიქობავამ თანამდებობა დატოვა, ნიკა რაჭველი კი პოზიციას ინარჩუნებს

საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას, ჟურნალისტებს ამ სფეროში დაგეგმილ სხვა ცვლილებებზეც ესაუბრა.
ოდიშარიამ განაცხადა, რომ თანამდებობა უკვე დატოვა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ.
"ზაალ ჩიქობავასთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, ის ჩვენი მეგობარია და მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დაეტოვებინა თეატრის მმართველის თანამდებობა. ჩვენ მომხრე ვართ, თეატრი განვითარდეს, უბრალოდ, ვერ მოხდა რობერტ სტურუასა და ზაალ ჩიქობავას შეთანხმება. შესაბამისად, და სავარაუდოდ, თეატრის მმართველის თანამდებობასაც რობერტ სტურუა დაიკავებს", - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.
კულტურის მინისტრმა ეროვნულ მუსიკალურ ცენტრზეც ისაუბრა. მისი თქმით, გარკვეული პრობლემების მიუხედავად, ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნიკა რაჭველის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. 
"ნიკა რაჭველი ჩვენი მეგობარიცაა და თქვენი მეგობარიცაა. ის ყოველდღიურად დადის სამინისტროში და კონსტრუქციულ საუბრებს ვმართავთ. დღის წესრიგში არ დგას, ნიკამ დატოვოს თანამდებობა, თუმცა მუსიკალურ ცენტრში არსებობს პრობლემები, კერძოდ, მან ერთი ბრძანებით 33 მუსიკოსი გაათავისუფლა. ეს მუსიკოსები ჩვენთან ყოველდღიურად დადიან და ვცდილობთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას", - განაცხადა ოდიშარიამ. 

კომენტარები