პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: რუსეთის ინტერესებშიც შედის ის, რომ ურთიერთობები დალაგდეს

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის პრემიერ დმიტრი მედვედევთან გასაუბრებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო ძალიან ხანმოკლე შეხვედრა.  

"გავუწოდე ხელი, იმანაც იქედან გამომიწოდა. ვუთხარი სასიამოვნოა შეხვედრა-მეთქი, იმანაც მითხრა, სასიამოვნოაო. აი, ეს იყო სულ. წესით, გაგრძელება მომავალში უნდა მოჰყვეს", - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს დავოსში ყოფნისას.

მისივე განმარტებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ''ყველაფერი ერთ დღეში დალაგდება''. 

"თუ ურთიერთობის დალაგების პროცესები განვითარდება, რა თქმა უნდა, შეხვედრები კიდევ გველოდება წინ. პირადად მე ამის დიდი იმედი მაქვს, თუმცა შიდა არავითარი დამატებითი კავშირები რუსეთთან არ მაქვს. უბრალოდ, მე ვაკეთებ კარგ ანალიზს. ვფიქრობ, ჩემი წარმატების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ შემიძლია კარგი ანალიზი გავაკეთო და გავთვალო კონკურენტის პოზიციაც კი. ამ მხრივ, ჩემი გადმოსახედიდან, რუსეთის ინტერესებშიც შედის ის, რომ ურთიერთობები დალაგდეს. ეს სიტუაცაა არ არის სასარგებლო არცერთი მხარისთვის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

კომენტარები