პრემიერ მინისტრი

ივანიშვილი Doing Business-ის რეიტინგის შესახებ

რუსულ გამოცემა ვედომოსტის საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის რუს ბიზნესმენებთან საუბრის დეტალები მოჰყავს. დავოსის ფორუმზე, ე. წ. რუსულ საუზმეზე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პერსპექტივებზე ესაუბრა.

გამოცემის ცნობით, მეწარმე გერმან გრეფმა ივანიშვილის შეკითხვა დაუსვა იმის თაობაზე, თუ როგორ გაიმარჯვა ოპოზიციურმა ძალამ არჩევნებში ისეთ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში მაღალ, მე-9 ადგილს იკავებს.

ივანიშვილის პასუხმა, ვედომოსტის ცნობით, დამსწრე საზოგადოება „ცოტათი გააოგნა“. პრემიერის თქმით, ეს რეიტინგი „ხელოვნური გზით იყო მოპოვებული“.

„ამ რეიტინგში ცოტა სიმართლეა“, - განაცხადა ივანიშვილმა და რეიტინგით მანიპულირების კონკრეტული მაგალითები მოიყვანა: საბაჟოს სწრაფი გავლა იმით მიიღწევა, რომ ტვირთების შემოწმება - ფიტოსანიტარული და სხვა, თითქმის საერთოდ არ ხდება. კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ამ რეიტინგის შესადგენად გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, წინასწარ იყვნენ მომზადებული ხელისუფლების მიერ, რათა „სწორი“ პასუხები გაეცათ. ბიზნესი საქართველოში სახელმწიფო მოხელეების სრული კონტროლის ქვეშ იყო, - განმარტა ივანიშვილმა.

თუმცა, პრემიერმა აღიარა, რომ რეიტინგი ნაწილობრივ სიმართლესაც ასახავს - დაბალ გადასახადებს (კომპლექსში 16 პროცენტი), ფირმების სწრაფი რეგისტრაციის შესაძლებლობას, დამსაქმებლის ინტერესებზე ორიენტირებულ შრომით კანონმდებლობას და კორუფციის არარსებობას სახელმიფო აპარატის დაბალ დონეზე.

თუმცა, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ამან ხელი ვერ შეუწყო ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში. 7-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდასაც პრემიერი ხელოვნურად მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით, ეს მაჩვენებელი მიღწეულ იქნა სახელმიფოს მიერ საგარეო ვალების აღებისა და სახელმწიფო სახსრების ეკონომიკაში დაბანდების გზით. მაგრამ ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება, -აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ახალი მთავრობის მთავარი ამოცანა საკუთრების უფლების დაცვაა. მან პირობა დადო, რომ არცერთი სახელმწიფო მოხელე ბიზნესს აღარ შეეხება. ივანიშვილმა რუს ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტირებისკენ მოუწოდა. სადაც, მისი თქმით, ეკონომიკის აღმავლობაა მოსალოდნელი, კონკურენციას და სამოქალაქო თავისუფლებას სახელმწიფო დაიცავს, კორუფცია კი აღმოფხვრილი იქნება.

 

კომენტარები