მთავარი პროკურატურა

პროკურატურა ხუხაშვილის განცხადებას უარყოფს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში უარყოფენ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის გია ხუხაშვილის მტკიცებას იმის შესახებ, რომ უწყებამ საჯარო გახადა ძიებაში მყოფი რამდენიმე ათასი საქმის მასალები და ისინი საკუთარ ვებგვერდზე განათავსა.

როგორც გია ხუხაშვილმა 26 იანვარს გადაცემა ბიზნესკურიერში დებატების დროს განაცხადა, პროკურატურა ამჟამად წინა ხელისუფლების მიერ ბიზნესზე ზეწოლის თაობაზე 7 ათას საქმეს იძიებს.

მას შემდეგ, რაც თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ მას კითხვა დაუსვა იმის შესახებ, საიდან არის ამაზე ინფორმირებული პიროვნება, რომელსაც სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ "ადეიშვილის პროკურატურისგან განსხვავებით, დღევანდელი პროკურატურის საიტზე ყველა სარჩელი თავად შეგიძლიათ იხილოთ".

გია ხუხაშვილმა დებატები პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან მიკერძოებულად მიიჩნია წამყვანის შეკითხვა - ხომ არ ჩაანაცვლებენ ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ინვესტორებს რუსი ინვესტორები, რომლებსაც პრემიერმა ივანიშვილმა დავოსში ყოფნისას საქართელოში ინვესტირებისკენ მოუწოდა?

როგორც ტაბულას მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა, პროკურატურა ვებგვერდზე შემოსულ საჩივრებს და ყველა ძიებაში მყოფი საქმეების მასალებს არ აქვეყნებს. თანაც, ამ რაოდენობით ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე შეუძლებელია.

ხათუნა პაიჭაძის თქმით, პროკურატურა მხოლოდ იმ საქმეებს აქვეყნებს, რომლებიც საზოგადოებაში მაღალ ინტერესს იწვევს, თანაც - მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ.

ამჟამად პროკურატურას საკუთარი ვებგვერდი არ გააჩნია. უწყების მასალები იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება. სადაც განცხადებები გახმაურებული საქმეების შესახებ პროკურატურის ახალ ამბებთან ერთად თავსდება. სასამართლო საქმეების განყოფილებაში კი მოცემულია მხოლოდ მოკლე ინფორმაცია 11 გახმაურებული საქმის შესახებ, დაწყებული 1970-ანი წლებიდან.

ხათუნა პაიჭაძის თქმით, ახლო მომავალში პროკურატურა დამოუკიდებელ ვებგვერდს აამუშავებს, რომელზეც საზოგადოებისთვის საინტერესო საქმეების მასალებიც გამოქვეყნდება.

 

კომენტარები