გაფიცვა

გაფიცული მძღოლების მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა

გლდანის ავტოპარკში კომპანია თბილისის მიკროავტობუსის წარმომადგენლებსა და გაფიცულ მძღოლებს შორის მოლაპარაკება დასრულდა.

როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსი მძღოლებზე დაყრდნობით იუწყება, მათ მთავარ მოთხოვნაზე ყოველდღიური გეგმის შემცირების თაობაზე კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს პასუხი, რომ ამას მონიტორინგი სჭირდება. გაფიცული მძღოლების განცხადებით, ამით გადაწყვეტილების მიღება დროში გაიწელება, ისინი კი გეგმის შემცირებას მყისიერად ითხოვენ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ინდმეწარმის სტატუსის გაუქმებას, მძღოლების ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით თბილისის მიკროავტობუსისგან მიიღეს განმარტება, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. მძღოლების თქმით, ისინი ამ საკითხზე იურისტებთან გაივლიან კონსულტაციას.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათ ერთადერთ მოთხოვნაზე მიაღწიეს შეთანხმებას - ეს არის სხვადასხვა ხაზიდან გათავისუფლებული მძღოლების სამუშაო ადგილებზე დაბრუნება.

შეხვედრას საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ გააჟღერეს ხვალინდელი გეგმებიც. კერძოდ, ისინი გაფიცვას გააგრძელებენ და ხვალ, 10:30 საათიდან თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებას თბილისის მერიასთან მოითხოვენ. მძღოლები ყველა სამარშრუტო ხაზის წარმომადგენელს მოუწოდებენ, მივიდნენ აქციაზე და ამას ფართომასშტაბიანი სახე მისცენ, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

შეხვედრა დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მძღოლები უკვე მესამე დღეა გაფიცულები არიან.

 

კომენტარები