ეგვიპტე

რევოლუციის თარიღის აღნიშვნა არეულობაში გადაიზარდა

კაიროში და ეგვიპტის სხვა ქალაქებში ძალადობა გრძელდება. 25 იანვრიდან მოყოლებული, ქუჩის შეტაკებების შედეგად სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა. შეტაკებებში ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამედ მორსის მხარდამჭერების და პოლიციის გარდა, ახლანდელი მთავრობისა და მმართველი პარტია მუსლიმური საძმოს მხარდამჭერებიც მონაწილეობენ. არეულობამ კაირო, ალექსანდრია, სუეცი და სხვა ქალაქები მოიცვა.

ოპოზიცია მთავრობას ეგვიპტის რევოლუციის იდეების ღალატსა და განსხვავებული შეხედულებების იგნორირებაში ადანაშაულებს. 

ძალადობა 25 იანვარს დაიწყო, რევოლუციის იუბილეს აღსანიშნავ აქციაზე.

პორტ-საიდში ქუჩებში სასამართლო ვერდიქტით უკმაყოფილო მოქალაქეებიც გამოვიდნენ - 26 იანვარს სასამართლომ 21 ფეხბურთის გულშემატკივარს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა გასულ წელს სტადიონზე მომხდარი მასობრივი ჩხუბისთვის, რომელსაც 74 ადამიანი შეეწირა.

ეგვიპტის ეროვნული თავდაცვის საბჭომ, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი მოჰამედ მორსი ხელმძღვანელობს, ქუჩებში მიმდინარე ძალადობა დაგმო და პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს ეროვნული დიალოგისაკენ მოუწოდა.

საბჭომ, რომლის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრიც შედის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობაც განიხილა იმ ადგილებში, სადაც ძალადობა არ წყდება. მთავრობა ოპოზიციას სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე ერთად მუშაობასაც სთავაზობს.

 

კომენტარები