არენა

საქართველოს ახალი მთავრობა და საგარეო პოლიტიკის 100 დღე

პრემიერმინისტრი ივანიშვილი და ევროკომისარი ბაროზო

პრემიერმინისტრი ივანიშვილი და ევროკომისარი ბაროზო
მალე ასი დღე გავა, რაც ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის მართვის სადავეები გადაიბარა. შევეცდები მოკლედ გავაანალიზო, თუ რა მოხდა ამ ასი დღის განმავლობაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, როგორია ტენდენციები და რა დასკვნების გამოტანა, თუ რჩევების მიცემა შეიძლება მთავრობისა და საგარეო პოლიტიკური გუნდისთვის.

მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი პრიორიტეტები მთავრობის მიერ შენარჩუნებულია, თუმცა გარკვეული მნიშვნელოვანი პროცესები და გადაწყვეტილებები დროში იწელება. რამდენად პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ელჩების შეცვლა, ამას დრო და ახალი ელჩების ვინაობა გვიჩვენებს. თუმცა ფაქტია, რომ ხელაღებით დიპლომატების შეცვლას ჯერ დადებითი შედეგი საქართველოსთვის არ მოუტანია და, სავარაუდოდ, არც მომავალში მოუტანს.

მივყვეთ თემატურად.

საქართველოს ურთიერთობები აშშ-სთან: 2012 წლის ბოლომდე ჩატარდა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი კავშირების, ეკონომიკური და ენერგეტიკული ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. ასევე შედგა ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ნიშანდობლივია, რომ ქართულმა მხარემ მოახერხა ამ სამუშაო ჯგუფების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ არც ისე ბევრი დრო გავიდა. მართალია, რამე კონკრეტული არ შეთანხმებულა, მაგრამ თავად კონსულტაციების პროგრესირების ფაქტიც პოზიტიურია. ამას დაემატა საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში და აშშ-ის რამდენიმე მაღალჩინოსნის (ფილ გორდონი, ერიკ რუბინი, ტომ მელია) ვიზიტი თბილისში. საბოლოო ჯამში, ჩანს, რომ ურთიერთობები აშშ-სთან ნორმალურ კალაპოტშია.

ამ ვიზიტების პარალელურად, აშშ-მა შეინარჩუნა საკმაოდ მკაცრი რიტორიკა ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ფილ გორდონმაც, ერიკ რუბინმაც და ჰილარი კლინტონმაც ღიად განაცხადეს, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალყურს, თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით და არაორაზროვნად მიანიშნეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებების მიუღებლობაზე. აშშ-სთვის კოაბიტაციის წარმატება ცალსახა პრიორიტეტია.

ჯერჯერობით ახალი მთავრობა აშშ-ს ბოლომდე არ უსმენს და ვაშინგტონის რჩევებს სრულად არ იზიარებს. როგორც პრემიერმინისტრის უკანასკნელ ინტერვიუში იყო აღნიშნული, ბევრ საკითხზე აზრთა სერიოზული სხვადასხვაობა არსებობს, ხოლო მთავრობა ახერხებს გაუძლოს აშშ-ის წნეხს. სადამდე მიგვიყვანს ეს აზრთა სხვადასხვაობა და გამკაცრდება თუ არა აშშ-ის მხრიდან კრიტიკა, პირველ რიგში მთავრობის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

აშშ-სთან ურთიერთობების მიმოხილვისას ვერ გავექცევით პრემიერის განცხადებებს ვაშინგტონში ვიზიტის ჯერ წლის ბოლომდე ჩატარებასთან, შემდეგ კი მოუცლელობის გამო გადადებასთან დაკავშირებით. ეს განცხადებები, ჩემი აზრით, გამოუცდელობის ბრალი უფრო იყო და დარწმუნებული ვარ, ამერიკელი პარტნიორები მათ გაგებით მოეკიდნენ. მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ თუ პრემიერის ვიზიტი მართლა დაგეგმილი იყო, მაღალ დონეზე შეხვედრებიც (პრეზიდენტი, ან ვიცეპრეზიდენტი, კონგრესის ხელმძღვანელობა, სახელმწიფო მდივანი) შეთანხმებული და პრემიერმა ვიზიტი თავად გადადო, როგორც მინიმუმ, უცნაურად მოქცეულა. ხოლო, თუ შეხვედრები შეთანხმებული არ იყო (სავარაუდოდ, ასეც გახლდათ), მაშინ ყველაფერი ნათელია. თუმცა, საზოგადოებისთვის ამის გულწრფელად თქმა ალბათ უფრო მისაღები იქნებოდა.

აქვე ხაზგასასმელია, რომ საქართველო, სავარაუდოდ, მალე გამოცვლის აშშ-ში ელჩს და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილება საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს და აშშ-ის მომავალი ურთიერთობებისთვის. თემურ იაკობაშვილი იყო ერთ-ერთი

საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე და NATO-ს გენმდივანი რასმუსენი
საუკეთესო დიპლომატი, რომელიც საქართველოს უკანასკნელ წლებში ჰყოლია თავისი კონტაქტებით, გავლენით, ორგანიზაციული და დიპლომატიური ნიჭით და მისი შეცვლა არ იქნება მარტივი.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი შემდეგი ელჩი ამერიკის ადმინისტრაციის მიერ ძალაუნებურად შედარებული იქნება იაკობაშვილთან და მის საქმიანობასთან, შესაბამისად, პრემიერმინისტრისთვის მნიშვნელოვანი იქნება ისეთი დიპლომატის გაგზავნა, რომელიც იაკობაშვილს არ ჩამოუვარდება არც რანგით, არც გამოცდილებით და არც დიპლომატიური ნიჭით. ეს კი მარტივი საქმე არაა. ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ-ში საქართველოს საელჩო ქვეყნის დიპლომატიისთვის ერთ-ერთი სერიოზული ინსტიტუტია და მისი ძლიერი პოზიციებით შენარჩუნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირსა და NATO-სთან: საქართველომ ამ მხრივაც იგივე კურსი განაგრძო, რაც აქამდე ჰქონდა. თითქმის ყველა დაგეგმილი შეხვედრა და ვიზიტი შედგა, ჩატარდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭო, განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტები როგორც ბრიუსელში (პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი), ისე თბილისში (ქეთრინ ეშტონი). ევროკავშირის მხრიდან გზავნილებიც დაახლოებით ისეთივეა, როგორც აქამდე იყო – ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერა 2013 წლის ბოლომდე და ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დასაწყისი.

ამ ეტაპზე ჩანს, რომ ჭიანურდება ევროკავშირის საშინაო საქმეების კომისრის, სესილია მალსტრომის ვიზიტი საქართველოში, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ ვიზიტის დროს უნდა მოხდეს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გადმოცემა. ვიზიტი ჯერ დეკემბრის დასაწყისისთვის იყო დაგეგმილი, შემდეგ დეკემბრის ბოლოსთვის გადაიდო, შემდეგ იანვრის ბოლომდე გადაიწია, ახლა კი, როგორც ჩანს, თებერვალში იგეგმება. არ დავიწყებ სპეკულაციებს იმაზე, თუ რა არის ამ ვიზიტის გადადების მიზეზები, მხოლოდ იმას გავუსვამ ხაზს, რომ რაც გვიან დავიწყებთ სამოქმედო გეგმის შესრულებას, მით გვიან დასრულდება ამ გეგმის ორივე ეტაპი (პირველი – საკანონმდებლო ცვლილებები, მეორე – კანონების შესრულება).

აქვე აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე დაიზღვია თავი, რომ ვიზების გაუქმებას საქართველოს მოქალაქეებისთვის 2013 წლის ბოლოსთვის არ უნდა ველოდოთ, როგორც ამას წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ. ეს ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო, რადგან, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც წესი, საჯარო გამოსვლებში აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რომ 2013 წელს დასრულდებოდა სამოქმედო გეგმის ორივე ფაზა. ეს განცხადებებიც, როგორც წესი, პოლიტიკურად ამბიციური მიზნის დასახვას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალურ დაპირებას.

ზოგადად, წინა ხელისუფლებას ახასიათებდა ამბიციური გეგმების დასახვა და შემდეგ ამ გეგმების შესრულებისთვის ასევე ამბიციური ნაბიჯების გადადგმა. ხშირად ეს ამართლებდა. ამიტომ, თუ ახალი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ვიზების სამოქმედი გეგმის შესრულება 2013 წელს ვერ მოესწრება, ეს არ ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლება ტყუოდა, თუ ასეთ მიზანს ისახავდა. სხვა თუ არაფერი, მას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდა, საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შეეძლოთ კოორდინირებულად სწრაფად მიეღოთ გადაწყვეტილებები და შემდეგ შეესრულებინათ (ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ ეს იდგა ვიზების სამოქმედო გეგმის შესრულების ამბიციური მიზნის უკან). დღევანდელ პარლამენტსა და მთავრობაში განხვავებული სიტუაციაა.

ანალოგიური მდგომარეობაა NATO-სთან დაკავშირებითაც. ყველა დაგეგმილი შეხვედრა თუ ვიზიტი (აპატურაი თბილისში, პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში) დროულად გაიმართა. სამწუხაროა, რომ გადაიდო NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი თბილისში, რისი მიზეზების შესახებ ბევრი დაიწერა (გენშტაბის მოქმედი ხელმძღვანელის დაკავება), ამიტომ ამაზე ამ სტატიაში აღარ შევჩერდები. ჩანს, ახალ ხელისუფლებას ჯერ კიდევ დრო სჭირდება ტემპის ასაჩქარებლად. სამწუხაროდ, ეს დრო საქართველოს არც ისე ბევრი აქვს.

საბოლოო ჯამში, მიუხედავად მცდელობებისა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე საქართველომ ვერ მოახერხა მთავარი გზავნილის გატანა – რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და მას აქვს უფლება, გახდეს NATO-სა და ევროკავშირის წევრი. არადა, ამ გზავნილის გაჟღერება ნამდვილად შეგვეძლო იმ შემთხვევაში, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მმართველ გუნდს და ოპოზიციას რომ ერთნაირი შეფასებები მიეცათ წინასაარჩევნო, საარჩევნო და პოსტსაარჩევნო პროცესებისთვის (რომ ეს პროცესები დემოკრატიის ფარგლებში ჯდებოდა).

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ამჯობინა ნეგატიური და წარსულის მიღწევების სრული ნიველირების რიტორიკა (სერიიდან – „სააკაშვილი იყო დიქტატორი”, „ყველა რეიტინგი, რითიც საერთაშორისო თანამეგობრობა გვაფასებდა, იყო მცდარი და სააკაშვილის ტყუილების შედეგი”). ამის შედეგად, ჩვენ ვერ მოვახერხეთ NATO-სთან ურთიერთობების გადაყვანა იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენი დემოკრატიულობის მტკიცება კი არ მოგვიწევდა, არამედ პარტნიორების დარწმუნება, რომ დაურეგულირებული ურთიერთობები და კონფლიქტი რუსეთთან, ასევე ცხინვალთან და სოხუმთან, არ იქნება წინაღობა ალიანსისთვის საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში. ასეთი „გაშიშვლებული” დისკუსია რაც უფრო სწრაფად დაიწყება, მით მალე გაირკვევა, საით

ზურაბ აბაშიძე
მივდივართ შემდეგი სამიტის დროს, რომელიც 2014 წელს არის დაგეგმილი.

თუ ამ დისკუსიამდე ვერ მივედით, და ახლა ჩანს, რომ ჯერ ვერ მივედით, მაშინ ისევ იმის მტკიცება მოგვიწევს, რომ ჩვენ ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, როგორც ახლა ვაკეთებთ. ხოლო თუ ქვეყნის შიგნით „დაჭერები”, ოპოზიციის განადგურების მცდელობები და სახელმწიფო ინსტიტუტების (პრეზიდენტი, ადგილობრივი თვითმმართველობა) დაზიანების მცდელობები გაგრძელდა, კიდევ დიდხანს მოგვიწევს თავის მართლების რეჟიმში ყოფნა.

საქართველოს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და ჟენევის მოლაპარაკებები: მე განგებ ვაჯგუფებ ამ ორ თემას, რადგან მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობები და ჟენევის მოლაპარაკებები ერთმანეთს გადაჯაჭვული საკითხებია. საქართველომ დანიშნა სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, რითაც აჩვენა თავისი კეთილი ნება დიალოგთან დაკავშირებით. ეს უდავოდ მისასალმებელი ნაბიჯია. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება იმაზე დავა, ხომ არ ჯობდა რუსეთთან ჯერ ამ დანიშვნის მოდალობების შეთანხმება, რათა არ მიგვეღო ის, რაც დღეს მივიღეთ – რუსეთის მხრიდან ერთი და იმავე ადამიანის წარგზავნა ჟენევის მოლაპარაკებებზეც და საქართველო-რუსული დიალოგის ფორმატშიც. როგორც მინიმუმ, ეს ასიმეტრია უპირატესობას ანიჭებს რუს მომლაპარაკებელს, რომელიც ორივე ფორმატის პერიპეტიებს იცნობს, განსხვავებით ქართველი კოლეგისგან; როგორც მაქსიმუმ, ამგვარი ორმაგი ქუდის დახურვა საფრთხეს შეუქმნის ჟენევის მოლაპარაკებების სიცოცხლისუნარიანობას. თუმცა ამაზე დავა მხოლოდ ჰიპოთეტური იქნება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ დიალოგის ორმხრივი ფორმატი რეალურად შედგეს და შედეგები გამოიღოს.

ამ პერიოდის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სერიოზულად აპირებს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. კარასინის და აბაშიძის შეხვედრის შემდეგ პირველ ეტაპზე გაჟღერებული საკითხები ჯერ მაინც მარტივთა კატეგორიას განეკუთვნება (რეგულარული ფრენები, ჰუმანიტარული საკითხები), თუმცა ფაქტია, რომ ეს საკითხები გართულდება. გართულებულ საკითხებს დასჭირდება უფრო კრეატიული მიდგომა და არაკონვენციური გადაწყვეტილებების მოძიება, ასევე ეფექტური დიპლომატია და ხშირად მცირე რისკიც. რამდენად შესწევს ამის ძალა დღევანდელ დიპლომატიურ გუნდს, ჯერჯერობით ძნელი შესაფასებელია. ფაქტია, რომ რუსეთთან რაც უფრო ღრმად შევალთ დისკუსიაში, მით უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს – მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიული კომპანია SGS-ს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების მონიტორინგი რამდენიმე თვის წინ უნდა დაეწყო, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მიყვანილი კომპანიასთან ტექნიკური კონტრაქტის დეტალები. ქვეყნის ინტერესებისთვის ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხის დროში გადავადება კარგი ნიშანი ნამდვილად არაა. მთავრობას რაღაც ეტაპზე მოუწევს ფეხის აჩქარება, თუ უნდა, რომ ქვეყნის ინტერესები უფრო ეფექტურად დაიცვას.

განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საქართველო-რუსეთის მომდევნო თვეების ურთიერთობებში მთავრობას სამი მთავარი ამოცანა ექნება შესასრულებელი. პირველ რიგში, მას მოუწევს გააგრძელოს ჟონგლიორობა ორი ბურთით – ჟენევის მოლაპარაკებებით და ორმხრივი დიალოგის ფორმატით. მეორე ამოცანა იქნება ოკუპაცია/არაღიარების საგარეო პოლიტიკის შენარჩუნება რუსეთთან დიალოგის პარალელურად. ხოლო მესამე ამოცანა – ის, რომ მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობების გამო უნებურად, ან შეგნებულად არ გადალახოს ისეთი წითელი ხაზები, რომელთა შებრუნება მერე შეუძლებელი იქნება (მაგალითად, კონფლიქტის მხარედ ცხინვალის და სოხუმის აღიარება, ოკუპაციის კანონის შეცვლა, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდა, ქვეყნის შიდა საქმეებში რუსეთის ჩაურევლობის უზრუნველყოფა და ა.შ.).

გრიგორი კარასინი
მრავალმხრივი დიპლომატია: ამ ფრონტზე სამ მთავარ საკითხს გამოვყოფდი. საქართველომ სავსებით რაციონალურად დაუჭირა მხარი პალესტინის გაეროს რეზოლუციას, რითიც აჩვენა, რომ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება ზეწოლის პირობებშიც. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამ რეზოლუციამ საქართველოს ურთიერთობები არ გაუფუჭოს ისრაელთან. იმედია, ხელისუფლება ამ პრობლემას მოაგვარებს.

მეორე აღსანიშნავი საკითხია მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავება სუამის ფარგლებში. ჯერ საქართველომ სუამის სხვა ქვეყნებთან ერთად გაერო-სუამის თანამშრომლობის რეზოლუცია გაიტანა გენერალურ ასამბლეაზე, 2013 წლიდან კი სუამის თავმჯდომარე გახდა. ამ მხრივ ქვეყანამ ნამდვილად კარგად იმუშავა. და ბოლოს, 2012 წლის დეკემბერში ჩატარდა ეუთოს მინისტერიალი, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა. მინისტერიალი საყოველთაო შეფასებებით უღიმღამო იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჰელსინკი +40 პროცესის დაწყების შესახებ, რასაც საქართველომ მხარი დაუჭირა. დუბლინში მინისტრის შეხვედრების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, საქართველომ საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია, რომ ქვეყანა აქტიურად წარმოჩენილიყო ეუთოს ფარგლებში.

სხვა თემაა, რაზე მიდის ხოლმე საუბრები ასეთი მაღალი დონის შეხვედრების დროს. მინდა ერთ ჩემს უცხოელ კოლეგასთან (სახელს და ეროვნებას განგებ არ დავასახელებ) დეკემბრის ბოლოს შემდგარი საუბრის მცირე შინაარსი გავამხილო. შობის მოლოცვის შემდეგ მან მითხრა, რომ ძალიან გაკვირვებულია იმით, რომ ქართველი დიპლომატები და მთავრობის წევრები აღარ საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად კარგი რეიტინგები აქვს საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ტურისტების რაოდენობის, ინვესტიციების შემოდინების და ეკონომიკური თავისუფლების მხრივ. პირიქით, ხშირად ესმის ქართველი წარმომადგენლებისგან, რომ ეს რეიტინგები სააკაშვილის „ტყუილის მანქანის” შედეგი იყო.

მე ეს არ დავიჯერე. არ დავიჯერე იმიტომ, რომ არ მსურს იმის წარმოდგენა, როგორ ამტკიცებს ჩემი ქვეყნის ნებისმიერი მინისტრი, თუ დიპლომატი, რომ საქართველო თურმე უფრო მეტად კორუმპირებულია, უფრო ნაკლებად მიმზიდველია ტურისტებისთვის და ნაკლებად დემოკრატიულია, ვიდრე ამას მსოფლიოში აღიარებული რეიტინგები აჩვენებს. და თუ ეს მართალია, ამ მთავრობის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, რომ ქვეყნისთვის დამღუპველი ეს რიტორიკა შეიცვალოს!

ელჩების შეცვლა: წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს შეცვალოს ელჩები. მთავრობის შეცვლის შემდეგ ელჩების შეცვლა, ჩემი აზრით, ძალიან არაჯანსაღი გადაწყვეტილებაა. ზუსტად ასევე შემიძლია ვთქვა, რომ არასწორი იყო ელჩების შეცვლა პოლიტიკური ნიშნით წინა ხელისუფლების პირობებში. და განსაკუთრებით არასწორია, როდესაც ახალი ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომას. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ბევრი არასწორი და არაადეკვატური ნომინაციისა, წინა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ უკანასკნელ წლებში დრამატულად გაზარდა საკადრო დიპლომატების ხვედრითი წილი ელჩებში. ამ დინამიკის შენარჩუნება აუცილებელია.

იბადება ერთი რიტორიკული კითხვა: თუ ახლანდელი გამარჯვებული კოალიციის წევრებს, რომლებიც თავის დროზე ელჩები იყვნენ, მიაჩნიათ, რომ სააკაშვილმა ისინი პოლიტიკური მოსაზრებების გამო გაათავისუფლა, მაშინ რატომ არის სამართლიანი დღეს 18 ელჩის შეცვლა იმ მოსაზრებით, რომ, აქაოდა, ისინი სააკაშვილის მომხრეები არიან და მის პოლიტიკას ატარებდნენ? და მეორე კითხვა: მმართველ კოალიციას გააზრებული თუ აქვს, ამ ელჩებისთვის ოდნავ მაინც არაადეკვატური შემცვლელების მოძებნის შემთხვევაში, რამხელა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკა, NATO-ში ინტეგრაცია, არაღიარების პოლიტიკა, მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ბოლო ოთხ წელიწადში ყველა კონტინენტს გადაწვდა და, საერთოდ, აქამდე ნაკოწიწები დიპლომატიური სამსახური?

თუ ელჩების გამოცვლა პოლიტიკური კონიუნქტურის, ერთი კონკრეტული ადამიანის, ან ადამიანთა მცირე ჯგუფის თვითმიზნად იქცა? და ოღონდ ეს მიზანი იქნას მიღწეული „მიშას ჯინაზე”, საქმეს სხვა ყველაფერი შეიძლება შეეწიროს? ან, იქნებ, დასაკმაყოფილებელ მომხრეთა სიაა ისეთი გრძელი და მადიანი, რომ ელჩობის გარდა სხვა თანამდებობებს აღარ ჯერდებიან?

ნებისმიერ შემთხვევაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დიპკორპუსთან მთავრობა ფრთხილად მოიქცეს, რადგან ამ რესურსის გაფლანგვა იქნება ყველაზე დიდი დარტყმა ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ელჩები, როგორც წესი, ინსტრუქციებს მისდევენ და თუ თბილისიდან მათ სასაუბრო მასალა მისდით, ისინი ამ სასაუბრო მასალას იყენებენ და მითითებას ემორჩილებიან. თუ ახალ ხელისუფლებას არ მოსწონს ის სასაუბრო მასალა, რაც ელჩებს მისდიოდათ 1 ოქტომბრამდე, ამისთვის ელჩები არ უნდა დაისაჯონ. არსებობს ასეთი ინგლისური ფრაზა – „არ მოკლა გზავნილის მიმტანი”. ჩვენ კი, როგორც ჩანს, საკუთარი მესენჯერების მოკვლას ვცდილობთ.

მიუხედავად ზემოთქმულისა, იმედს ვიტოვებ, რომ ყოფილმა დიპლომატებმა, რომლებიც ახალ მთავრობაში უხვად არიან, კარგად იციან, რას ნიშნავს დიპლომატიური კადრების ნაკლებობა და რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს არასწორ საკადრო პოლიტიკას ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის.

სტრატეგიული ურთიერთობები მეზობლებთან:

ფილიპ გორდონი და ბიძინა ივანიშვილი
აუცილებლად ცალკეა გამოსაყოფი ის რიტორიკა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გვესმოდა აზერბაიჯანთან მიმართებით (ჯერ განცხადება აფხაზური რკინიგზის გახსნის შესახებ და შემდეგ განცხადება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ეკონომიკურ გაუმართლებლობაზე). ხელისუფლებამ ალბათ გააანალიზა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან უახლოესი ურთიერთობები ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. იმავეს თქმა შეიძლება სომხეთთან დაკავშირებითაც.

მართალია, ეს სამი თვე მეზობლებთან ურთიერთობებში სხვა თემებით არ ყოფილა დატვირთული (მაგალითად, საზღვარი, გაზის ტარიფი), მაგრამ, სავარაუდოდ, შემდეგ თვეებში ეს საკითხები აქტუალური გახდება. იმედია, მსგავსი დაუფიქრებელი რიტორიკა ხელს არ შეუშლის მეზობელ ქვეყნებთან გადასაჭრელი საკითხების კონსტრუქციულად განხილვას და გადაწყვეტას.
 

მომავალი გამოწვევები:

მომდევნო თვეების განმავლობაში, კარგი იქნება, თუ ექსპერტები დააკვირდებიან შემდეგ ინდიკატორებს, რათა შეაფასონ, რა მიმართულებით მიდის საქართველოს საგარეო პოლიტიკა:

– გაგრძელდება თუ არა ჟენევის მოლაპარაკებები და მოხდება თუ არა მისი შესუსტება?

– შესუსტდება თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მაგალითად, მისი ხელმძღვანელის გამოცვლის ან მისიის მანდატის შეცვლის გამო?

– მოხერხდება თუ არა მხარდამჭერების გაზრდა დევნილების რეზოლუციაზე, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ზაფხულში უნდა განიხილოს?

– შედგება თუ არა პრემიერმინისტრის ვიზიტი აშშ-ში?

– რა ინტენსივობით გაგრძელდება აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების ჩატარება და როდისთვის დაინიშნება ომნიბუსის შეხვედრა?

– ჩატარდება თუ არა გადადებული სამხედრო კომიტეტი უახლოეს მომავალში?

– ჩატარდება თუ არა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი სხდომა საქართველოში?

– როდის გადმოგვცემს ევროკავშირი ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას და რა ტემპით დავიწყებთ მის შესრულებას?

– გაიზრდება თუ არა ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის „აღიარებების” რაოდენობა?

– გაგრძელდება თუ არა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტორების ისეთი ინტენსივობით ჩამოსვლა, როგორც ეს 2011-2012 წლებში იყო?

– გაგრძელდება თუ არა ინტენსიური პოლიტიკური კონსულტაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან?

– გაიხსნება თუ არა ახალი საელჩოები, მათ შორის – აზიაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და არაბული ლიგის ქვეყნებში?

– რა ინტენსივობით გაგრძელდება ორმხრივი დიალოგი რუსეთთან და რა შედეგები ექნება ამას ჩვენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე.

 

ეს მხოლოდ მცირედია იმ კითხვებს შორის, რომლებიც შეიძლება დავსვათ. დანარჩენ კითხვებს ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდეთ, როდესაც ხელისუფლება 200 დღეს მიითვლის.

მანამდე კი ერთი შენიშვნით დავასრულებ. ამ ასი დღის განმავლობაში ხშირად გვესმოდა ფრაზები, რომ NATO ერევა საქართველოს საქმეებში, დასავლეთი მოატყუეს და ამიტომ აკრიტიკებს ხელისუფლებას, ხელისუფლებამ გაუძლო აშშ-ის და ევროკავშირის ზეწოლას და ა.შ. მინდა გულწრფელად ვუსურვო ახალ ხელისუფლებას, რომ ზემოხსენებულ აქტორებში ძალიან მალე პარტნიორები დაინახოს და არა ზეწოლის განმახორციელებელი ან ჩვენს შიდა საქმეებში ხელების მოფათურე სუბიექტები.

 

კომენტარები