პოლიტდევნილები

მიხეილ ქარელი საქართველოში ბრუნდება

შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ქარელის თქმით, ის სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს, რათა საჯუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. 

 "მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ყველასთან ერთად, სამშობლოში მეც მეძლევა ცხოვრების შესაძლებლობა, დავუბრუნდები წლების უნახავ ოჯახს, მშობლებს, მეგობრებს და იმ ადამიანებს რომლის გარეშე ცხოვრება ადამიანისთვის აუტანელია. ვაპირებ უახლოეს მომავალში დავბრუნდე სამშობლოში და თავისუფალ მართლმსაჯულების პირობებში სასამართლოს დავუმტკიცო ჩემი უდანაშაულობა და ღირსეულად გავიარო ეს არცთუ სასიამოვნო პროცედურები", - აღნიშნულია ქარელის განცხადებაში. 

ყოფილი გუბერნატორი წინა წლებში მომხდარ დანაშაულებებში ბრალს ირაკლი ოქრუაშვილსაც სდებს. 

"დღევანდელი ვითარება საქართველოში მნიშვნელოვნად დადებით ატმოსფეროს ქმნის და შესაბამისად, ეს განცდა 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგად დაბრუნებული სამართლიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემისა და პატრიოტიზმის შედეგია, რომელიც სააკაშვილის, ოქრუაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების და სხვათა მსგავსთა მიერ შექმნილი რეჟიმით იქნა სრულიად იგნორირებული, რეჟიმისა, რომელმაც არაერთი უბედურება მოუტანა ქვეყანას, მთლიანად ერს და ცალკეულად აღებულ უამრავ ადამიანს, რომელთა ცხოვრებაც ერთ წამში ჯოჯოხეთად იქცეოდა", - აღნიშნულია ქარელის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ქარელი პრეზიდენტის რწმუნებული იყო შიდა ქართლში. ამ თანამდებობიდან ის 2007 წლის 12 სექტემბერს გაათავისუფლეს და 23 სექტემბერს დააპატიმრეს. თუმცა მალევე, 27 ოქტომბერს 200 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გენერალური პროკურატურის ცნობით, მან დამნაშავედ ცნო თავი მექრთამეობასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში.

კომენტარები