სპორტული ფედერაციები

ჭიდაობას რა უნდა?!

სპორტული ფედერაციების არშემდგარი დეპოლიტიზაცია

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მცირე ხანში, ლევან ყიფიანმა სპორტული ფედერაციების დეპოლიტიზაციის აუცილებლობის საკითხი წამოჭრა. შემდეგ დადგა დეკემბერი, რომელიც საერთოდ ცივია, მაგრამ სპორტულ ფედერაციებში გამართული არჩევნებიდან გამომდინარე, საკმაოდ ცხელი გამოდგა. პრეზიდენტები გადაირჩიეს მოჭიდავეებმა, ძიუდოისტებმა, მძლეოსნებმა და ა.შ.

არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა და ამ თემაზე კითხვები არ ისმის, საკითხავი სხვა რამაა: მოხდა კი ფედერაციების დეპოლიტიზაცია? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ქარელში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ლერი ხაბელოვი აირჩიეს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად ამავე პარტიის წევრი და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ქევხიშვილი, ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტად მეცხრე არხის იმჟამინდელი გენერალური დირექტორი კახა ბექაური, მაშინ დეპოლიტიზაციის თემა ღიმილის მომგვრელად მოგვეჩვენება.

მოდი, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აქ ამ ადამიანების პროფესიონალიზმზე არ გვაქვს საუბარი. არავინ უკარგავს ლუკა კურტანიძეს იმ დამსახურებებს, რომელიც მას, როგორც სპორტსმენს აქვს და არავინ ამბობს, რომ, ვთქვათ, კრივის ფედერაციის პრეზიდენტად არჩეული დავით კვაჭაძე, რომელიც სპორტულ დარგში ქართული ოცნების თემატური წევრია, ქართული კრივის ისტორიის სათავეებში არ უნდა მოვიხსენიოთ. სამართლიანი მიდგომაა საჭირო, გამოჩენილ სპორტსმენებს ღვაწლი არ უნდა დავუკარგოთ, მაგრამ ესა თუ ის სპორტის სახეობა რამდენად კვალიფიციური კადრების ხელში იქნება, მოგვიტევონ, მაგრამ ძალიან გვაღელვებს. მოკლედ, უხეშად რომ ვთქვათ, მედლები და კვარცხლბეკზე დაკავებული ადგილები სხვა თემაა და ფედერაციის მართვა აბსოლუტურად სხვა, ერთ საქმეში წარმატებულობა კი აპრიორი მეორეში წარმატებას არ ნიშნავს.

უპირველესად იმ სახეობების ბედი გვაღელვებს, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია და სადაც წარმატებას მუდმივად ვაღწევთ. ასეთია ჭიდაობა, ძიუდო, რაგბი... რაგბიზე დიდხანს არ შევჩერდებით, რადგან სპორტის ამ სახეობაში როგორი შედეგებიც გვაქვს, იმავე წარმატებით მუშაობს ფედერაციაც. ჭიდაობას რაც შეეხება, საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავეს კახა გეწაძემ და მისმა გუნდმა. 2003 წლამდე ჭიდაობის ფედერაციის ბიუჯეტი მაქსიმუმ 400 000 ლარს შეადგენდა, რაც საკმარისი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად იყო, ღვაწლმოსილი სპორტსმენებისა და მსაჯების ღონისძიებებზე დასწრება კი არც განიხილებოდა. 2001 წელს ევროპის ჩემპიონმა სულ რაღაც 500 ლარი მიიღო, როდესაც დღეს 20-30 ათას დოლარს იღებს... ამჟამად მხოლოდ საქართველოს პირველობის მესამეადგილოსანს აქვს იმდენი, რამდენიც მაშინდელ ევროპის ჩემპიონს ეკუთვნოდა. ფაქტობრივად, მთლიანად აღდგენილია ფალავანთა კლუბი, შეძენილია 70-მდე საჭიდაო ხალიჩა (თითოეულის ფასი 16 000 ლარია)... შედეგებსაც გადავხედოთ: ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ოლიმპიელებმა ჯამში 7 მედალი მოიპოვეს, აქედან 6 მოჭიდავეებმა – მგონი კომენტარი ზედმეტია. რა თქმა უნდა, მეტი გვინდოდა, მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ ჭიდაობის ფედერაცია რომ საერთო ჯამში წარმატებულად საქმიანობდა, მგონი უდავოა.

ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებზე კახა გეწაძემ კანდიდატურა აღარ წარადგინა, ლუკა კურტანიძემ კი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ყოფილ პრეზიდენტთან საუბრისას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გამოიკვეთა: იმედია, რომ ახალი პრეზიდენტის ხელში ჭიდაობის ფედერაცია ბევრად უფრო ეფექტური იქნება, მაგრამ გეწაძის გუნდის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი წარმატებული ნაბიჯების შედეგად, თამასა ბევრად ამაღლდა.

გულშემატკივრებმა კურტანიძეს და არა მხოლოდ მას, თითოეული ფედერაციის მესვეურს, მუშაობა უნდა ვაცადოთ, მაგრამ გაზრდილი ბიუჯეტების, აღდგენილი თუ შექმნილი ინფრასტრუქტურისა და სპორტული შედეგების უკუსვლა არავის უნდა ეპატიოს. თითოეულ სახეობაში უნდა გაგრძელდეს პროგრესი, როგორც დაფინანსების მხრივ, ასევე წმინდა სპორტული თვალსაზრისით. მოკლედ რომ ვთქვათ, შეფასების კრიტერიუმები უფრო მკაცრი უნდა გავხადოთ, ვიდრე აქამდე იყო, ეს ეხება არა მხოლოდ გულშემატკივარს, არამედ უფრო მეტად იმ სპორტულ ოჯახებს, სადაც მტყუან-მართლის გარჩევა ყველაზე კარგად შეუძლიათ. დროა ნათესაური, მეგობრული კავშირების გამო შავზე თეთრი არ ვიძახოთ და ამის გამო ჩვენი ქვეყნის წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დავაყენოთ.

ასეა თუ ისე, კურტანიძემ მთლად კარგად ვერ დაიწყო – ნაკრების მწვრთნელად შესანიშნავი მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილი წარადგინა, ნუგზარ სხირელს კი კარებისკენ მიუთითა. მინდორაშვილი კარგი სპორტსმენი იყო, მაგრამ რამდენად კარგი მწვრთნელი იქნება, არავინ იცის. კარგად ვერდაწყებაში უმთავრესად იმას ვგულისხმობთ, რომ სხირელმა კურტანიძეს ბრალი დასდო, რომ ეს უკანასკნელი ცვლილებებს პირადი სიმპათიების გათვალისწინებით ახორციელებს. ახალგაზრდული ნაკრების აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა განაცხადა, რომ ნაკრებიდან მოკვეთას წარსულში გიორგი გოგშელიძის დაბრუნების ფაქტს უკავშირებს, როცა გოგშელიძემ კურტანიძეს ნაკრებში ადგილი წაართვა. სხირელი ფიქრობს, რომ კურტანიძემ მას ეს არ აპატია და სხვა ახსნას ვერ პოულობს, თუ რატომ უნდა ჩამოეცილებინათ ახალგაზრდულ ნაკრებს, როდესაც ერთი პატარა ჩავარდნაც კი არ ჰქონია.

ცვლილებებია ძიუდოს ნაკრებშიც, რომლის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ირაკლი ცირეკიძემ, მისი ადგილი კი ირაკლი უზნაძემ დაიკავა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ყვარლის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. იმედია, ეს მას ხელს არ შეუშლის, რომ ძიუდოზე იყოს კონცენტრირებული და ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციულად პრიორიტეტული სპორტის სახეობა, კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიდეს.

ასეა თუ ისე, ფედერაციათა საქმიანობებზე დასკვნების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია. მესვეურები, საბოლოო ჯამში, თავად არიან პასუხისმგებელნი ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, რადგან, მაგალითად, არაკვალიფიციური მწვრთნელის დანიშვნა, საბოლოოდ, შედეგს გააფუჭებს და ყველა ყველაფერს დაინახავს. თუმცა ერთი რამ ცხადია – ლევან ყიფიანის მიერ გაცხადებული სპორტული ფედერაციების დეპოლიტიზაცია არ შედგა.

 

კომენტარები