მთავრობა

უკუღმა მითები

0 კომენტარი

ეს წერილი გამიზნულია ყველა ჩემი მეგობრისადმი, რომლებიც ამჟამინდელ ხელისუფლებას წარმოადგენენ ან მათ მხარდამჭერთა რიგებს განეკუთვნებიან. რადგან მათ მორალურ ღირსებებში ან ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ეჭვი აქამდე არ შემპარვია, ქვემოთ მოყვანილი აზრების გაქარწყლებაში მათ რეაქციას მოუთმენლად ველი.

დავიწყებ ფილმის მაგალითით. კლასიკური ვესტერნის, „კაცი, რომელმაც მოკლა ლიბერთი ვალანსი“, სიუჟეტი კულმინაციას აღწევს, როდესაც მთავარი გმირი შტატის სენატორი (ჯეიმს სტიუარტი თამაშობს), ცნობილი ბანდიტის, ლიბერთი ვალანსის, სიკვდილის გარემოებების შესახებ ჰყვება. გავრცელებული ვერსიით, საბედისწერო ტყვია სენატორმა გაისროლა. ბანდიტის მკვლელობამ ის გმირად აქცია და სენატორად გახდომაში დაეხმარა. აღიარების მიხედვით კი, ვალანსი მისი მოკლული არ ყოფილა. გაზეთის რედაქტორი, რომელიც სენატორის მონათხრობს აფიქსირებს, უარს ამბობს სენსაციური აღიარების დაბეჭდვაზე. ქაღალდის ფურცელს, რომელზეც ჩანაწერებს აკეთებდა, ის დემონსტრაციულად კუჭავს, სანაგვეში მოისვრის და ოთახიდან გასვლის წინ შემდეგ ფრაზას ამბობს: „When the truth becomes legend, print the legend“ (როდესაც სიმართლე ლეგენდად გადაიქცევა, ლეგენდა უნდა დაიბეჭდოს).

რა რა და ქართველთა უნარში, სიმართლე ლეგენდად გადააქციონ, ეჭვის შეტანა ძნელია. ქართულ მენტალიტეტში გამოკვეთილია მითოსური აზროვნების უპირატესობა რეალისტური, ლოგიკური აზროვნების საზიანოდ. „ქართველი ცხოვრობდა ზღაპრების მენტალურ და სპირიტუალურ სამყაროში“, წერს ფრანგი მეცნიერი და სტალინის ფსიქოლოგიური პორტრეტის ავტორი ჟან-ჟაკ მარი (Jean-Jacques Marie) და შემდეგ ამატებს: „საქართველო ქვეყანაა, სადაც ისტორია ჩანაცვლებულია მითოსით“.

ლეგენდის სწრაფწარმოების პროცესები საქართველოში გრძელდება. სიმართლე – პოლიციისა და განათლების წარმატებული რეფორმები, გალამაზებული, დასუფთავებული ქალაქები და მოწესრიგებული მომსახურების სისტემა, ბანდიტების და კანონიერი ქურდების რეკეტის დასასრული, ნარკოტიკების გაქრობა, კორუფციის შემცირება, ქრთამის აღებ-მიცემობის გაძნელება, და ა.შ. – ნაცვლდება „სისხლისმსმელი და დიქტატორული სახელმწიფოს“ ლეგენდით.

ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბუნებრივია, იყო მძიმე შეცდომები. სწორედ ამიტომ დასასმელია შემდეგი ორი კითხვა:

1. სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში შესაძლებელია თუ არა შეცდომების გარეშე მოქმედება, მით უმეტეს ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით?

2. დაშვებული შეცდომები გარდაუვალი ნაწილი ხომ არ იყო იმ სრულიად ახალი სახელმწიფოს მშენებლობისა, რასაც წინა ხელისუფლება ანხორციელებდა?

მართლაც, შეიძლებოდა კი მოგვეთხოვა ჯეფერსონისეული დემოკრატიის მყისიერი განხორციელება ქვეყანაში, რომელსაც ამის გამოცდილება არასოდეს ჰქონია? საბჭოთა წარსულის მემკვიდრეობის შედეგად დარჩენილი ავადმყოფური საზოგადოებრივი ურთიერთოებების ფონზე, ქვეყანაში არსებული მწირი ინტელექტუალური და საკადრო პოტენციალის გათვალისწინებით, შეიძლებოდა კი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი შეცდომების გარეშე წარმართულიყო? ბავშვურ სიჯიუტესა და ჩამოუყალიბებელ აზროვნებაზე უფრო ხომ არ მიუთითებს მსჯელობა: „და რადგან არ გვიცხოვრია უმწიკვლო და შეუმცდარი მთავრობის პირობებში, მაშასადამე გვქონია საშინელი და ჯოჯოხეთური ცხოვრება“.

სცადა ვინმემ იმის გაანალიზება, თუ რა ფსიქოლოგიური ტრავმის გამომწვევია მსგავსი ლეგენდების შექმნა? აბა, გადავხედოთ „საშინელ“ წინა ხელისუფლებებს. სააკაშვილის მთავრობა: ტირანული და პირსისხლიანი; იმის წინა: შევარდნაძისეული კორუფციის ჭაობი (თუმცა ქართველს ღირსება თურმე შენარჩუნებული ჰქონია ამ დროს, ქურდების და იარაღიანი რეკეტირების პარპაშის პირობებში?!); იმის წინა: სამოქალაქო ომისა და ქვეყნის რღვევა; და კიდევ უფრო წინა: კომუნისტური ჯოჯოხეთი. მაშინ რა გამოდის, რომ ქვეყნის აღმშენებლობის თვალსაზრისით ქართველს ღირებული არაფერი შეუქმნია? თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ როგორ უნდა განვავითაროთ ქალბატონი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ წარმოდგენილი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გეგმა? ამ გეგმის მიხედვით ხომ ჯერ თვითგამორკვევის საშუალება უნდა მიეცეს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს (საიდანაც გამოყრილია ომამდელი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მეტწილად ქართველები), და მერე ისეთი ქართული სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომ მათთვის სასურველი იყოს ჩვენთან დაბრუნება (?!).

ელემენტარულად, თუ აქამდე ვერ შეგვიქმნია ვერაფერი ღირებული, რა გარანტია გვაქვს საიმისოდ, რომ ოსები და აფხაზები ამგვარის შექმნის პერსპექტივას ძირშივე დაინახავენ და სიხარულით დაუბრუნდებიან „დედასამშობლოს“?

თუ ახალი ლეგენდა გინდათ შექმნათ, პოზიტიური ლეგენდა მაინც შექმენით. რაც კარგი გააკეთა სააკაშვილმა, ის გააზღაპრეთ, გააბუქეთ და დაშვებული შეცდომების გამეორებას მოერიდეთ. ებრაელებისგან მაინც გვესწავლა...

ახალი მითოსი, რომლის შექმნაც ებრაელებმა დაიწყეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მეომარი ხალხის ხატის შექმნას უნდა მომსახურებოდა. ისტორია რომაელების მიერ გარშემორტმული „მასადის“ ციხესიმაგრის შესახებ, თანამედროვე ებრაელებმა მთლიანად გადააკეთეს და ფლავიუსის, ებრაელი ისტორიკოსის, ავტორიტეტიც არად ჩააგდეს. ეს იმ მიზეზით, რომ ერის შინაგან გარდაქმნას, მეომრული სულის ჩამოყალიბებას, ასე სჭირდებოდა...

ახლა ისრაელის სკოლებში ბავშვებს ასწავლიან „მასადის“ დამცველთა თავდადების შესახებ, ვინც წარმატებით იომა რომაელთა წინააღმდეგ და როცა ძალამ აღმართი მოხნა, დანებებას სიკვდილი არჩიეს. არადა, არაფერი მსგავსი სინამდვილეში არ მომხდარა. ფლავიუსის გადმოცემით, ციხესიმაგრის ერთ-ერთმა მეთაურმა, რომელსაც ერქვა ელეიზად ბენ-იარი (ფლავიუსის დახასიათებით „ტირანი“), დაარწმუნა ალყაში მყოფნი, რომ ღვთისათვის საკუთარი სიცოცხლის შეწირვა უდიდესი სათნოებაა. შედეგი იყო მასობრივი თვითმკვლელობა: ყოველმა მამაკაცმა ჯერ მოკლა საკუთარი ცოლ-შვილი, შემდეგ წინასწარ ამორჩეულმა ათმა კაცმა დანარჩენები გამოასალმა სიცოცხლეს. ციხესიმაგრეში შესულმა რომაელებმა 900-ზე მეტი გვამი დაითვალეს...

ისევ დღევანდელ საქართველოში, ახალი მითების შექმნის პროცესს დავუბრუნდეთ. „ყველაფერი მოჩვენებითი იყო“, „საწყალი ჯარისკაცები სიცივეში არბენინეს ჯალათებმა“ (სხვათა შორის, ჯარისკაცი, რომელიც უარს იტყვის ბრძანების შესრულებაზე ან „აჯანყდება“, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში საველე სასამართლოს გადაეცემა და სიცივეში სირბილი კი არა, შეიძლება დიდი ხნით ციხეშიც ყოფნაც კი მოუწიოს), ან თუნდაც, „არაფერი კარგი არ გაგვიკეთებია“. ვის რაში წაადგება „არაფრისშემქმნელი კასტრირებული სახელმწიფოს“ მითი? სამწუხაროდ, ქართველებმა „უკუღმა გინებასთან“ ერთად „უკუღმა მითების“ კეთებაც ისწავლეს.

რამდენიმე სიტყვა „ციხის კადრების“, საზოგადოებაზე მათი ზეგავლენისა და ქართული საზოგადოების რეაქციის შესახებ. თავი რომ დავანებოთ იმის მტკიცებას ან გამტყუნებას, ფირები ნამდვილია თუ დადგმული, ან ვინ და როგორ მოახერხა გადამღები ჯგუფის შეშვება ციხეში, როცა „პოლიციური სახელმწიფო“ ყველაფერს აკონტროლებდა, მოდი, ცოტა საქართველოს გარეთაც გავიხედოთ. ვისაც უცხოეთში უცხოვრია, კარგად იცის, რომ პოლიცია, ციხე და მსგავსი ძალაუფლების ცენტრები ყველა ქვეყანაში არის ადგილი, სადაც ძალის გადაჭარბება და ხანდახან წამებაც კი ხდება.

ცნობილი „სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი“ მახსენდება. 1971 წელს სტენფორდის უნივერსიტეტმა ექსპერიმენტი ჩაატარა. არჩეული 24 სტუდენტი ორ ჯგუფად, „ტუსაღებად“ და „ციხის ბადრაგებად“ გაყო, და ინსცენირებულ ციხეში, რომელიც უნივერსიტეტის სარდაფში მოეწყო, მონაწილეებს შორის როლები გადაანაწილა. სტუდენტებს ინსტრუქცია მიეცათ, მიკუთვნებული როლის შესაბამისად ემოქმედათ.

სულ რაღაც 6 დღეში უნივერსიტეტი იძულებული გახდა ექსპერიმენტი შეეწყვიტა. როლში შეჭრილმა სტუდენტებმა ერთმანეთის მიმართ ისეთი ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების ხერხების გამოყენება დაიწყეს, რაც ცდის გაგრძელების საშუალებას უბრალოდ აღარ იძლეოდა.

სტენფორდის ექსპერიმენტის მონაწილეებს კარგად მოეხსენებოდათ, რომ „ციხეში“ განვითარებული მოვლენები ფირზე აღიბეჭდებოდა. მიუხედავად ამისა, „ბადრაგებმა“ თავი ვერ შეიკავეს და რეალური სისასტიკე გამოიჩინეს „ტუსაღებისადმი“. რაც შეეხება ამ უკანასკნელთ, მათი უნარი, აეტანათ დამცირება, არანაირ ჩარჩოში არ ჯდებოდა; „პატიმარს” ზოგჯერ ბრძანება ეძლეოდა „მეთვალყურისგან“, რომ დედიშობილა დარჩენილიყო „საკანში“, რასაც ის უსიტყვოდ და მორჩილად ასრულებდა. ორივე მხარემ გაითავისა მიკუთვნებული როლი და დაკარგა ექსპერიმენტამდელი ინდივიდუალური თვისებები.

თუ მსგავსი შემთხვევები ხდება ექსპერიმენტის პირობებში, რა გასაკვირია, რომ რეალობაშიც იგივე განმეორდეს. დაგავიწყდათ შევარდნაძის დროს რამდენჯერ მოხდა პოლიციის სამმართველოდან დაპატიმრებულის გადმოხტომა „თვითმკვლელობის“ მიზნით? მოდი, აბნერ ლუიმას შემთხვევა გავიხსენოთ, რომელიც ამერიკაში რამდენიმე წლის წინ მოხდა. ბრუკლინში შეცდომით დაპატიმრებული ჰაიტელი ემიგრანტი პოლიციაში მიყვანის შემდეგ პოლიციელებმა ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ცოცხის ტარით გააუპატიურეს. სასამართლო პროცესი კარგა ხანს გაგრძელდა და დამნაშავეებს საკადრისი მიეზღოთ. თუმცა კი არათუ პრეზიდენტის, ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხიც არ დამდგარა.

ძალიან გთხოვთ, „ეგ ამერიკაა, მაგას ნუ შევედრებით“ არგუმენტი არ მოიყვანოთ. თუ მსგავსი რამ ამერიკაში შეიძლება მოხდეს, ქართული ციხე ნამდვილად ვერ იქნებოდა დაზღვეული. „ციხის კადრებზე“ დაყრდნობით საქართველოს გამოცხადება „ცოცხებზე დახეულ ქვეყნად“ და „ფაშისტურ სახელმწიფოდ“, ან თუნდაც ლაპარაკი „სააკაშვილის მთავრობის მიერ დაყენებულ სისხლის ზღვაზე“ და ქვეყანაში „ბოლო 9 წლის განმავლობაში გულაგზე უარეს მდგომარეობაზე“, უკაცრავად და, ბოდვითი ჰიპერბოლაა.

იქნებ „ზღვად დაყენებული სისხლის“ ვიდეომასალა ან ფოტოდოკუმენტები მოგეპოვებათ? მაპატიეთ და, „ანგელინა დეიდას საკუთარი თვალით უნახავს და ჯუმბერს ჰკითხეთ, ჩემი თუ არ გჯერათ“ არგუმენტებს ვერ მივიღებ. იქნებ ცოტათი მაინც გეზრუნათ წინასწარ, ბრალის დამტკიცებამდე, „სისხლისმსმელისა და ჯალათის“ იარლიყი არ მიგეკრათ „სამსახურებრივი მოვალეობის გადაჭარბების“ ბრალდებით დაპატიმრებულებისათვის და თუ მეტ-ნაკლებად სარწმუნო მტკიცებულება არ გაგაჩნდათ, გირაოთი მაინც გამოგეშვათ ის ხალხი, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება.

თუმცა ლეგენდა რისი ლეგენდაა, რომ რაღაც დადებითი, ქართველისათვის გულისმომფენი არ იყოს მასში ჩადებული. ქართულ უკუღმა ლეგენდასაც აქვს თავისი ხიბლი. აი მაგალითად, კიდევ ერთი ფანტაზია, რომელიც აქტიურად მუშავდება ლეგენდად – „სააკაშვილი ატყუებდა მთელ მსოფლიოს წლების განმავლობაში და ახლაც ატყუებს ყველას, რის შედეგადაც დღევანდელ მთავრობას დასავლეთში ცუდად აღიქვამენ“.

ანუ, თურმე, არა ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ყბადაღებული განონათქვამები; არა ის, რომ ქართული ოცნების ერთადერთი „მიღწევა“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 100 დღის თავზე მხოლოდ აგრესიული რევანშიზმია; არა ის „შერჩევითი მართლმსაჯულება“ და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს; არა ანტიდასავლური რიტორიკა; არა ადრე აქსიომატურად არსებული დასავლური დემოკრატიული განვითარების მოდელის ჩანაცვლება ადგილობრივი ქართული (უფრო სწორად რუსული, ე.წ. სუვერენული დემოკრატიის) მოდელით, რაც მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერვიუებში ისმის... თურმე სინამდვილეში სააკაშვილის პიარ კომპანია „გვითხრის ძირს“.

ანუ, სააკაშვილი უკვე იქცა აბსოლუტური ბოროტების პერსონიფიკაციად, ბოროტებისა, რომელსაც იოლად შეუძლია დასავლეთის პრესისა და პოლიტიკის მანიპულირება... რამდენად პათეტიკური ქართული ნარცისიზმია ამაში ჩადებული – „ბოროტებაშიც კი პირველები ვართ!“

და, ბოლოს, მითოსი ერთსახოვანი და ერთშინაარსიანი არასოდეს არის. ის ხშირად საპირისპირო მნიშვნელობას იძენს. ამჟამად აქტიურად განვითარებული ლეგენდაც – „ყველაფერი ცუდი იყო, ჩვენ ამ ცუდს დავანგრევთ და ნანგრევებზე ნათელ მომავალს ავაშენებთ“ – შეიცვლება. შეიცვლება უბრალო მიზეზის გამო: ახალი მთავრობის არაკომპეტენტურობამ, რაც მეტწილად წინა მთავრობისადმი მიმართული ავადმყოფური ზიზღიდან გამომდინარეობს, რომელიც მას ყველაფერს წინასაგან საწინააღმდეგოს აკეთებინებს და ზოგიერთ მის წევრს დასავლეთში მიღებულ სწავლა-გამოცდილებასაც კი ავიწყებინებს, შეუძლებელია, სახელმწიფოს შერყევა, ან, ასე თუ გაგრძელდა, უარესიც კი, დანგრევა და დაკარგული ტერიტორიების იურიდიული დადასტურება, არ გამოიწვიოს.

ისევ ხელისუფლებაში მყოფი ჩემი მეგობრების გასაგონად ვამბობ. არ გაინტერესებთ, წლების შემდეგ რა დაერქმევა ან რა იარლიყით მოიხსენიებს ქართველი ხალხი ასეთ მთავრობას?

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები