შსს

შსს: თემურ ყაზარაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის ცნობით, ჭიდაობის ფედერაციაში გუშინ, 30 იანვარს, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. 
ტაბულასთან საუბარში გიორგობიანმა აღნიშნა, რომ  თემურ ყაზარაშვილის ცემის ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, გამოძიების პროცესში გამოიკვეთება კონკრეტულ პირთა ბრალეულობის საკითხი.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე თემურ ყაზარაშვილის ფიზიკურ შეურაცხყოფას უარყოფს. 
"თემურ ყაზარაშვილს რომ ფიზიკურად გავსწორებოდი, ის როგორ მდგომარეობაში იქნებოდა ახლა?", - რიტორიკული კითხვა დაუსვა კურტანიძემ ჟურნალისტებს.
გუშინ, 30 იანვარს, თემურ ყაზარაშვილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმება გაიარა. ექიმმა დეა კვეზერელმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში დაადასტურა, რომ  ყაზარაშვილს  მარცხენა კიდურზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა აღენიშნა. გუშინვე, ჭიდაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალკოჰოლური და ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა. შემოწმების შედეგად დადასტურდა, რომ იგი ფხიზელი იყო.  

კომენტარები