საპარლამენტო უმცირესობა

უმცირესობა საგარეო კურსზე საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს საგარეო კურსზე საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ, დღეს გამრთულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ პირობებში, რაშიც დღეს არის საქართველო, ''გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რა ფორმით დაფიქსირდება საქართველოს კურსის შეუქცევადობა''. 

"მივესალმები რა უმრავლესობის დეკლარირებულ სურვილს, რომ საქართველომ გააგრძელოს განვითარება, ვთავაზობთ საპარლამენტო უმრავლესობას, ერთად მოვამზადოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და კონსტიტუციაში, ყველაზე მაღალ სამართლებრივ და პოლიტიკურ დონეზე დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ერთადერთი მომავალი ევროპული მომავალია, რომ საქართველოს შესაფერისი ევროატლანტიკური კურსი უნდა გაგრძელდეს და ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპულ ვექტორში და ევროპული ტიპის დემოკრატიის აშენებაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უზრუნველყოფს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ეჭვქვეშ არასდროს დადგეს.

''ეს იქნება ძალიან კარგი პრაქტიკული ტესტი, რამდენად არის მზად ხელისუფლება, შეასრულოს ის დეკლარირებული ღირებულება, რომელსაც მათგან სიტყვების დონეზე ვისმენთ'', - აღნიშნა ბაქრაძემ. 

კომენტარები