გამოძიება

არჩილ კბილაშვილი: უგულავა იმსახურებს, რომ გამოძიების მიერ იყოს დაკითხული

დღეს, 31 იანვარს, გადაცემა პოლიტმეტრში მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ თბილსერვისჯგუფთან დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ.
კბილაშვილმა განმარტა, რომ ამ საქმეზე უგულავასთან გამოძიებას კითხვები მართლაც ექნება, რადგან პირადად მან მიიღო  ნაციონალური მოძრაობის 764 აქტივისტის დასაქმების გადაწყვეტილება. 
"ის იმსახურებს, რომ გამოძიების მიერ იყოს დაკითხული. კონკრეტული პროკურორი და გამომძიებელი, რომელიც ამ ფაქტს იძიებს, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უახლოეს მომავალში ამ საქმეზე მერი იქნეს დაკითხული", - აღნიშნა კბილაშვილმა.
კბილაშვილი განმარტავს, რომ თბილსერვისჯგუფის საქმეზე უკვე 200-ზე მეტი პირი დაიკითხა. მთავარი პროკურორის თქმით, დაკითხული პირები გულწრფელად ამბობენ, რომ სამსახურთან შეხება არ ჰქონიათ და პარტიულ დავალებებს ასრულებდნენ. 
"ამ ადამიანების პარტიული დასაქმებისთვის დაიხარჯა 5,245 მლნ ლარი, რაც მნიშვნელოვანი მონაცემია. გაიფლანგა ბიუჯეტის თანხები და შესაძლოა, კიდევ ჰქონდეს ადგილი სხვა თანამდებობრივი ტიპის დანაშაულს. ეს არის ამ გახმაურებულ საქმეში მთავარი ღერძი", -განაცხადა კბილაშვილმა.
მთავარმა პროკურორმა გადაცემა პოლიტმეტრში კიდევ ერთ საინტერესო თანხვედრაზე გაამახვილა ყურადღება:  
"ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მტკივნეული გახდა იმ ინფორმაციის მიღება, რომ ელექტროენერგიის გადასახადს დასუფთავების გადასახადი მიება. ამ პრობლემას სათავე საკრებულოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებამ დაუდო, რომელიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედდა. საყურადღებოა, რომ შპს თბილსერვისჯგუფი თვითდაფინანსებაზე 1-ლი ივლისიდან გადავიდა. ერთდროულად ხდება დასუფთავების გადასახადის მიბმა და ამ სერვისჯგუფის თვითდაფინანსებაზე გადასვლა. ანუ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ გაზრდილ გადასახადს დასუფთავებისთვის, ეს გადასახადი მნიშვნელოვანწილად ხმარდებოდა ერთი პოლიტიკური პარტიის, ნაცმოძრაობის აქტივისტებს, რათა მათ პოლიტიკური საქმიანობა ეწარმოებინათ", - განაცხადა კბილაშვილმა. 

კომენტარები