კოალიცია ქართული ოცნება

საგანელიძე თავისუფალ დემოკრატებს: გარიცხეთ ეს ხალხი პარტიიდან, თორემ სხვა დასკვნებს გამოვიტან

პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების წარმომადგენელმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა, რომ ის თავისუფალი დემოკრატებისგან რაიონული ორგანიზაციებიდან გარკვეული პირების გარიცხვას ითხოვს. "წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა დასკვნებს გამოვიტან", - აღნიშნა საგანელიძემ. 
ქართული ოცნების პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებისას რამდენიმე ქალაქში ინციდენტი მოხდა, ზოგან პარტიული კონფერენცია ჩაიშალა კიდეც. საგანელიძის თქმით, მან თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებთან ერთად მისული ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც ამოიცნო. 
"მაგალითად, გუშინწინ ჩვენ აბაშაში ჩავატარეთ რაიონული კონფერენცია, რომელსაც პარტიის 81 წევრი ესწრებოდა. ჩვენი წარდგინებითა და პარტიის 79 წარმომადგენლის მხარდაჭერით, ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი გვილავა აირჩიეს. ამის შემდეგ 20 კაცის მხრიდან ატყდა ერთი ამბავი, თუ რატომ ავირჩიეთ გვილავა, რომელსაც თითქოს რაიონის წინაშე დამსახურება არ აქვს და არჩევნებისას არ უბრძოლია. ეს კონკრეტული ფაქტი თქვენ შეგიძლიათ განაზოგადოთ, რადგან იგივე ხდება ხონში, ადიგენში, წყალტუბოში, ასპინძასა და სხვა რაიონებში. დღეს ეს 20 კაცი ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან შეიკრიბა. შესაძლოა ეს ხალხი თავად თავისუფალ დემოკრატებშიც ჩანერგილია. ამიტომ მე მივმართავ მათ, გარიცხონ ისინი პარტიიდან, ხოლო თუ არ იქნებიან გაგდებულები, ჩავთვლი, რომ ამას პარტია აკეთებს", - განაცხადა საგანელიძემ. 

კომენტარები