ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე ხელფასებს ქველმოქმედებაში ხარჯავენ

პრემიერმინისტრი და ვიცეპრემიერი თავიანთ ხელფასებს საქველმოქმედო მიზნებისთვის ხარჯავენ.

ყველაზე მდიდარი ქართველის, ბიძინა ივანიშვილის ხელფასი 4250 ლარს შეადგენს. როგორც საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურში აცხადებენ, დღემდე დარიცხული ხელფასი ბიძინა ივანიშვილმა სრულად გადარიცხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად.

 რაც შეეხება ვიცეპრემიერსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ის ხელფასის სახით 3540 ლარს იღებს, რასაც, როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, კახა კალაძე ყოველთვიურად ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვთა დასახმარებლად რიცხავს. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, მინისტრების მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ყველაზე მდიდარია: იგი 4 ბინის, 3 საცხოვრებელი სახლის, 8 მიწის ნაკვეთის და ორი არასაცხოვრებელი ფართის მფლობელია. მისი ოჯახის საკუთრებაშია 15 ავტომობილი და 2 მოტო სატრანსპორტო საშუალება, ხოლო შემოსავლის სახით ყოფილმა ფეხბურთელმა გასულ წელს 2 762 000 ევრო მიიღო.

 საქართველოს მილიარდერი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია 30 გვერდს მოიცავს. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ივანიშვილის ოჯახის წევრები ფლობენ 50-მდე მიწის ნაკვეთს საქართველოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში და რუსეთის ფედერაციაში. ივანიშვილები ასევე ფლობენ, ჯამში, 51 საცხოვრებელ სახლსა და არასაცხოვრებელ ფართს. ბიძინა ივანიშვილი ფლობს შემდეგი კომპანიების ობლიგაციებსა და აქციებს: Raptor Pharmaceuticals Corp, Investec Global Strategy Fund, PIMCO Funds GIS Plc, Goldman Sachs Group, Equifax Inc Shares და სხვა კომპანიებში, რომელთა ჯამური რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 50-ს აჭარბებს.

 საქართველოს პრემიერმინისტრი ფლობს ტექნოლოგიური გიგანტის, Google-ის 2000 აქციას, ივანიშვილის კუთვნილებაშია მსოფლიო ჰიპერმარკეტების ქსელის, კარფურის 30 ათასი აქცია. 

კომენტარები