დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ვიზიტისას ქალაქის დღევანდელ მდგომარეობას შეეხო. "ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ პირველ ოქტომბერს არჩევნები კი არ ჩატარდა, არამედ რაღაც სახის სტიქიურმა უბედურებამ გადაიარა ზოგიერთ ჩვენს ქალაქზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი დღეს ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ესტუმრა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნივერსიტეტში სექტემბერში უნდა დაწყებულიყო სწავლა, თუმცა, ყველაფერი გაჩერებულია.
"მახსოვს, როგორი გაოგნებული უყურებდა ჰილარი კლინტონი, რომელიც აქ გვყავდა. აგვისტოში ამ უნივერსიტეტს უნდა მიეღო პირველი დიდი ნაკადი სტუდენტების. დღეს დიდი ჯგუფი ჩამოსული უნდა ყოფილიყო უცხოეთიდან. საუკეთესო ქართველი პროფესორები უნდა შეგვეკრიბა. აქ უნდა დაწყებულიყო ფართომასშტაბიანი სწავლება. ყველაფერი არის გაჩერებული და გაჭედილი. პრაქტიკულად, უნივერსიტეტის იდეა ბათუმში პირველ ოქტომბერს მოკვდა. ახლა გავიგე, რომ აჭარის მთავრობა აპირებს უკან გამოსახლებას ხელოვნების უნივერსიტეტის, რომლების შეყვანაც მე და ლევანმა მოვასწარით. ბათუმის განადგურების ერთ-ერთი საშუალება თუ გინდა, ეს უნივერსიტეტი უნდა მოკლა. გუშინ ყვარელში იუსტიციის სასწავლო ცენტრში ვიყავი და ისევ ძროხებით იყო იქაურობა სავსე. მთავრობამ დროზე უნდა მიხედოს აქაურობას", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მშენებლობები არ უნდა შეჩერდეს, პირიქით, უფრო მეტი უნდა აშენდეს. პრეზიდენტი ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მსგავსი შენობები ტურისტების მოსაზიდად აუცილებელია.
"ამ პროექტებს ვერ მოვიკიდებ და ვერსად წავიღებ. ალბათ ურჩევნია ვიღაცას, რომ მოვიკიდო და წავიღო, რომ კვალიც აღარ დარჩეს რომ ეს კეთდებოდა, მაგრამ ეს სილამაზე დარჩება ამ ქალაქს, ამას მოჰყავს ტურისტები. გუშინწინ იყო გადაცემა ტელევიზიით, ცვილის მუზეუმი, რომელიც გავხსენით, თქვეს, რომ რაში გვჭირდება ამდენი მუზეუმი, რატომ უნდა დავხარჯოთ ამაში ფულიო. აბა, თქვენ დალოცვილებო, ტურისტები აქ ასლან აბაშიძის ნაფეხურების სანახავად მოვიდნენ?! 200 ათასიდან 2 მილიონამდე ტურისტი რის გამო გაიზარდა?! ხალხის შემოსავალი რის გამო გაიზარდა?! ამდენი მანქანა რომ დადის ქუჩაში უცხოური, რითი იყიდა ხალხმა, ჯერ კიდევ გაჭირვებაა, მაგრამ რის გამო მოხდა პროგრესი. სწორედ იმის გამო, რომ ყველაფერი კეთდებოდა. ჩემს ჯინაზე კი არ უნდა შეჩერდეს რაღაცა, ჩემს ჯინაზე პირიქით უნდა გაგრძელდეს და მეტი უნდა გააკეთონ და მაშინ მე ვიქნები ძალიან ბედნიერი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი ლევან ვარშალომიძის დაკითხვისა და შემოსავლების სამსახურის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელის, გიორგი ემირიძის დაპატიმრების საკითხსაც გამოეხმაურა.
"არავინ ხელს არ კიდებდა ამ ტერიტორიას, ლევანმა მისცა ერთ ლარად, ოღონდ ჩადეთ ფული და გააკეთეთო. ამაზე იყო, რომ ექვსი საათი კითხავდნენ და დაკითხა იმ კაცმა, რომელიც დაიჭირეს ქრთამის აღებისთვის. ასე რომ, მგონი ნათელია, ეს კაცი დაკითხეს - რატომ გააკეთეო და მისი მუშაობის შედეგები აგერ ჩანს და ის ვინც დაკითხა, უკვე ციხეში ზის ქრთამის აღებისთვის. ერთი თვე არ უმუშავია იმ კაცს. ესეც არის ბედის ირონია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბათუმში იმყოფებოდა, სადაც ქალაქში მიმდინარე მშენებლობები და "მაკდონალდსის" ახლადგახსნილი შენობა დაათვალიერა.