შეხვედრა

თედო ჯაფარიძე იგორ ივანოვს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს იგორ ივანოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა. 

შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, მიუნხენში გაიმართა. მხარეებმა საქართველო-რუსეთს შორის არსებული პრობლემები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. 

"მან დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომელიც დღეისათვის გამოიკვეთა ჩვენს ურთიერთობებში, მან აღნიშნა, რომ ეს რთული და გრძელვადიანი პროცესია, თუმცა კარგი იქნება, თუ გადაიდგმება ადეკვატური ნაბიჯები", - განაცხადა ივანოვთან შეხვედრის შემდეგ თედო ჯაფარიძემ. 

იგორ ივანოვის განცხადებით, მას ჯაფარიძესთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. 

"თუ სურვილი არსებობს, ყველაზე მწვავე პრობლემაც მოგვარებადია. მნიშვნელოვანია, რომ არ ვიყოთ ამ სირთულის მძევლები, მაშინაც კი, როდესაც ეს პრობლემები სერიოზულია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ფაქტორები არ უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა ისინი არ უნდა აფერხებდეს მომავალ თანამშრომლობას", - განაცხადა იგორ ივანოვმა. 

 

კომენტარები