საგარეო ურთიერთობები

მაია ფანჯიკიძე გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე კრისტიან შმიდტს შეხვდა. 

შეხვედრა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა. 

"ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა როლს ასრულებს საქართველო ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. საქართველოს, NATO-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის, ყველაზე დიდი მისია ჰყავს ავღანეთში. თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო 2014 წლის შემდეგაც დარჩება ავღანეთში. რასაკვირველია, გერმანიის მხარეს ვთხოვე აქტიური მხარდაჭერა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც პირველ თებერვალს გაიხსნა და დღეს დასრულდება. 

კომენტარები