ქართული ოცნება

კობახიძე: შსს-ს გადაეცა მათი გვარები, ვინც ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციების დაფუძნებას ხელს უშლის

"პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს პოლიტსაბჭო ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც რაიონული ორგანიზაციების დაფუძნების პროცესში დესტრუქციულ ქმედებას განახორციელებს, მკაცრ რეაგირებას აპირებს", - განაცხადა მანანა კობახიძემ, კოალიციის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.  

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ რამდენიმე რაიონში მომხდარი ინციდენტები მართულია და ამ პროცესების უკან დგას ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც არ აწყობს ქართული ოცნების პარტიად ჩამოყალიბება და მისი სტრუქტურული გაძლიერება. 

კობახიძემ აღნიშნა, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები გამიზნულად ხელს უშლიან პარტიული კონფერენციების ჩატარებას. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ადამიანები კოალიციაში შემავალ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაში არიან ჩანერგილები და სწორედ ისინი უწყობენ დესტრუქციულ ქმედებებს ხელს. 

"მივმართავთ მათ, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი იმ პირების მიმართ, ვინც შეეცდება განახორციელოს ასეთი ქმედებები", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, შს სამინისტროს გადაეცა სხვადასხვა ინციდენტებში მონაწილე პირთა გვარები, რათა უწყებამ დაადგინოს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები და რა კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ. 

http://www.tabula.ge/article-28070.html 

კომენტარები