ქართული ოცნება

ქართული ოცნების რაიონულ ორგანიზაციებში ერთმანეთს თანამდებობებისთვის უპირისპირდებიან

ქართული ოცნების რაიონულ ორგანიზაციებში, პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. პრობლემები რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელობის არჩევასა და ქართული ოცნების რეგიონული ორგანიზაციების ზოგიერთი წევრის, ნაციონალური მოძრაობის აგენტად გამოცხადებას უკავშირდება. პარტიის ცენტრალური ოფისიდან წარდგენილი კანდიდატების ნაწილი, კოალიციის წევრი რეგიონული წარმომადგენლების ნაწილისთვის მიუღებელია, რაც სხდომების ჩაშლისა და შეხლა-შემოხლის გამომწვევი ხდება. პოლიტიკური ბრძოლის მოგების შემდეგ, რეგიონულ დონეზე გავლენისთვის ბრძოლის გაძლიერება, 16 თებერვალს დაგეგმილ, პარტია ქართული ოცნების ყრილობის ჩატარებას უკავშირდება, რომელმაც თავმჯდომარე და გენერალური მდივანი უნდა აირჩიოს. მანამდე კი რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელობა კომპლექტდება.

ბრძოლა პარტიული თანამდებობებისთვის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც პარლამენტის ვიცესპიკერმა და კოალიცია ქართული ოცნების წევრმა დავით საგანელიძემ კოალიციაში შემავალ პარტია თავისუფალ დემოკრატებს მათი რაიონული ორგანიზაციებიდან ზოგიერთი წევრის გარიცხვა მოსთხოვა. მსგავსი მოთხოვნა საგანელიძემ რაიონულ ორგანიზაციებში თავისუფალი დემოკრატების წევრების მიერ ჩაშლილი კონფერენციებისა და ყრილობების გამო დააყენა. საგანელიძის თქმით, კონფერენციებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანაპარტიელებიც შლიდნენ.

პარლამენტის ვიცესპიკერი ამბობს, რომ, მაგალითად, აბაშაში პარტიის 79 წარმომადგენლის მხარდაჭერით, ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი გვილავა აირჩიეს. თუმცა, კონფერენციის შემდეგ ოცამდე ადამიანმა პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ გვილავას კოალიციის წინაშე დამსახურება არ აქვს და ის არ უნდა აირჩიონ. აღნიშნული პირები თბილისში პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდნენ და აქცია გამართეს გვილავას გადაყენების მოთხოვნით.

საგანელიძის თქმით, ამ 20 კაციდან უმეტესობა სწორედ თავისუფალი დემოკრატების წევრია, მათ შორის აგრეთვე არიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. საგანელიძე კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს.

"შესაძლოა ეს ხალხი თავად თავისუფალ დემოკრატებშიც ჩანერგილია. ამიტომ მე მივმართავ მათ, გარიცხონ ისინი პარტიიდან, ხოლო თუ არ იქნებიან გაგდებულები, ჩავთვლი, რომ ამას პარტია აკეთებს", - ამბობს საგანელიძე.

პარალელურად, აბაშის მცხოვრებნი დავით საგანელიძისაგან ბოდიშის მოხდას ან ბრალდებების დადასტურებას ითხოვენ. აბაშის საკრებულოსთან დღეს აქცია გაიმართა, მის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ - ისინი საგანელიძისაგან განმარტებებს ელიან და საარჩევნოდ კოალიცია ქართული ოცნებისათვის გაწეული სამუშაოსთვის ანაზღაურებას ითხოვენ. "საგანელიძეს რაიონებში შემოაქვს განხეთქილებები. გვაპირისპირებს ჭეშმარიტად ქართული ოცნებისთვის მებრძოლ ხალხს", - ამბობს აქციის მონაწილე.

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს რაიონული ორგანიზაციის წევრების აქცია მიმდინარეობს. პარტიის წევრების ნაწილი სოლიდარობას პარტიდან გარიცხულ წევრს, ალექსანდრე ბერიძეს უცხადებს. 

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ პირებს, რომლებიც პარტიიდან ირიცხებიან, წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით და არჩევნებში გამარჯვება დიდწილად სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა.

ალექსანდრე ბერიძე თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისთან შიმშილობს. ბერიძე ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მის მიმართ არაერთი ბრალდება გაისმა, მათ შორის ისიც, რომ ის პარტია ნაციონალური მოძრაობიდანაა ჩანერგილი ქართულ ოცნებაში. მოშიმშილე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის შიმშილობას გააგრძელებს იქამდე, სანამ არ მოხდება სიტუაციის გაანალიზება.

ბერიძის თქმით, რუსთავში კონფერენცია მან და მისმა მომხრეებმა 22 იანვარს პრევენციის მიზნით ჩაშალეს, იმისთვის, რომ უკანონობას არ ეზეიმა. ბერიძის განცხადებით, ამ კონფერენციაში პარტიის "არალეგალური" წევრები მონაწილეობდნენ. კონფერენციას, რომელზეც საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ელზა ლეკვეიშვილი უნდა აერჩიათ, პარტია ქართული ოცნების მხოლოდ რამდენიმე ლეგალური წევრი ესწრებოდა, მათი უმრავლესობა კი, 75-მდე ადამიანი, ქართულ ოცნებაში 2 დღის გაწევრიანებულები იყვნენ.

ასპინძაში დაპირისპირება რაიონული ორგანიზაციების არჩევას მოჰყვა, პარტიის წევრთა ერთი ნაწილი ამ პოსტზე მამუკა მელიქიძის კანდიდატურას უჭერდა მხარს, მეორე ნაწილი კი პაატა მაისურაძის დანიშვნას ითხოვდა. მაისურაძის მხარდამჭერები მელიქიძეს ნაცმოძრაობის აგენტობაში სდებენ ბრალს, ისინი პარტიის კონფერენციაზე შეიჭრნენ და დელეგატებს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს. პაატა მაისურაძის მომხრეები ამბობენ, რომ დელეგატები არ იყვნენ პარტიის წევრები და მათ გაყალბებული ჰქონდათ მოწმობები. საბოლოოდ, სხდომა ჩაიშალა და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა. პაატა მაისურაძის განცხადებით კი, არჩევნებამდე შევსებული ანკეტები დაიკარგა და არჩევნებში "გუშინ გაწევრიანებული ხალხი" იღებდა მონაწილეობას. აქედან გამომდინარე - ხალხის რეაქცია იყო შესაბამისი. საპირისპიროდ, მელიქიძის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც სხდომა ჩაშალეს, საერთოდ არ არიან პარტიის წევრები.

უშედეგოდ დასრულდა პარტიის სხდომა გარდაბანშიც, კონფერენციის მონაწილეებს პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის ერთადერთი კანდიდატი, ამბაკო ავალიანი ჰყავდათ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ცენტრალური ოფისიდან ამ პოსტზე მამუკა არეშიძის კანდიდატურა იყო წარდგენილი. ამის გამო კონფერენციის წევრებმა არჩევნები გადადეს, რასაც პარტიის წევრთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, გადაიდო იმ კანდიდატების არჩევნებიც, რომლებიც რეგიონის სახელით პარტიის საერთო სხდომას უნდა დასწრებოდნენ. სხდომის ზოგიერთი მონაწილის განცხადებით, "გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ძალიან დაბალი თანამდებობაა მამუკა არეშიძისთვის".

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა ”აქცენტებში” საუბრისას განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებამდე ათასობით ადამიანი ჩანერგა ქართული ოცნების პარტიულ რიგებში. არჩევნების შემდეგ კი, ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ხალხი მიატოვა, რასაც მათი მხრიდან თვითგადარჩენისთვის ბრძოლის დაწყება მოჰყვა. სესიაშვილმა დღეს მიმდინარე დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამ აგენტურის პოსტსაარჩევნო გააქტიურება დაასახელა.

 

კომენტარები