აშშ

ხელმწიფის ახალი სამოსი

0 კომენტარი

ობამა ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ცვლის

მეორე ვადის დაწყებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ახალი კაბინეტით შეხვდება. იცვლება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი. სახელმწიფო მდივნის ადგილზე ჰილარი კლინტონს ჯონ კერი შეცვლის. ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი ჩაკ ჰეიგელი თავდაცვის მდივნის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო კონტრტერორისტულ საკითხებში ყოფილი მრჩეველი ჯონ ბრენანი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს გაუძღვება.

სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოფისს ტოვებს. გამოკითხვების მიხედვით, მომავალი არჩევნებისთვის დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის კლინტონი ლიდერობს, თუმცა თავად სახელმწიფო მდივნის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მისი უკანასკნელი საჯარო სამსახურია. მისი შემცვლელი ჯონ კერი ვიეტნამის ომის ვეტერანია, იგი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატთა კანდიდატი იყო. კერი სენატში 1984 წელს აირჩიეს და დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა.

ბარაკ ობამა ყურადღებას უფრო მეტად შიდაამერიკულ პოლიტიკურ პრობლემებზე ამახვილებს, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკის როლის შემცირებას იწვევს. ჰილარი კლინტონის და ობამას შეხედულებები ერთმანეთისგან გარკვეულწილად განსხვავდებოდა და ერთმანეთს აბალანსებდა, ხოლო კერის დამოკიდებულება მეტწილად ემთხვევა ობამას მიდგომებს. კერი და ჰეიგელი უფრო ემხრობიან „რბილი” პოლიტიკის გატარებას, ვიდრე ჰილარი კლინტონი და ლეონ პანეტა.

ობამას კაბინეტის ახალი სახეები იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკა უფრო მეტად დაეყრდნობა დიპლომატიას და კრიზისულ სიტუაციებში ვაშინგტონი ძალას ნაკლებად გამოიყენებს. მომავალი ოთხი წლის მანძილზე, შესაძლოა, ისრაელთან ურთიერთობა გაცივდეს და ირანის მიმართ სანქციები გადაიხედოს. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ობამა თავდაცვის მდივან ჰეიგელს თავდაცვის ხარჯების შესამცირებლად გამოიყენებს.

ჯონ კერი პრეზიდენტ ობამას რამდენჯერმე დაეხმარა კრიზისული სიტუაციის გადაჭრაში. მის ანგარიშზეა ჰამიდ კარზაისთან 2009 წელს, არჩევნების მეორე რაუნდის დანიშვნის შესახებ შეთანხმება, ასევე პაკისტანთან ბინ ლადენის მკვლელობის შემდეგ ბირთვული იარაღის თაობაზე მოლაპარაკებები. ობამას პირველი ვადის განმავლობაში, ორ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას – ლიბიაში ინტერვენციას და ჰოსნი მუბარაკის გადაყენებას – კერი აქტიურად უჭერდა მხარს.

ამერიკის პირველი დიპლომატის რანგში, კერის მოუწევს გაუმკლავდეს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა სირიის საკითხი, ირანის ბირთვული პროგრამა და გამწვავებული ურთიერთობები ისრაელ-პალესტინას შორის. სენატორი იზიარებს ობამას შეხედულებას, რომ შესაძლებელია დიქტატორულ რეჟიმებთან თანამშრომლობა. კერი ჩართული იყო ბაშარ ალ ასადთან მოლაპარაკებებში, თუმცა

ჯონ კერი
კრიზისის დაწყებამ კიდევ ერთხელ აჩვენა დიქტატორული რეჟიმების არასაიმედოობა და რეპრესიული ხასიათი.

სახელმწიფო მდივნის პოსტის კანდიდატად, თავდაპირველად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის ელჩი სიუზენ რაისი მოიაზრებოდა, თუმცა სენატში მის ნომინირებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა. ობამამ, იმის გათვალისწინებით, რომ არ სურდა დასახელებული კანდიდატების კიდევ ერთხელ შეცვლა, პრინციპულად დაიცვა ბრენანის და ჰეიგელის ნომინაციები, მიუხედავად ამ უკანასკნელისადმი დემოკრატთა და რესპუბლიკელთა აქტიური კრიტიკისა.

რუსეთთან ურთიერთობასთან მიმართებით, ჯონ კერი აღმოსავლეთ ევროპაში ბალისტიკური რაკეტების განთავსების გარშემო მოლაპარაკებების მომხრეა, რათა დაპირისპირება თავიდან იყოს აცილებული. თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, დიალოგი არ უნდა შედგეს „საქართველოს უსაფრთხოების და სუვერენიტეტის ხარჯზე”. ჰეიგელიც დიდწილად იზიარებს მის პოზიციას

ჯონ ბრენანი
მოლაპარაკებისა და შეთანხმების საჭიროებაზე, მაგრამ, ჰეიგელის თქმით, საქართველო და უკრაინა NATO-ში გაწევრიანებისათვის ჯერ მზად არ არიან და ამერიკამ ეს უნდა აღიაროს.

ეროვნული უსაფრთხოების გუნდიდან ყველაზე მეტ უკმაყოფილებას ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურა იმსახურებს. ჰეიგელიც ვიეტნამის ომის ვეტერანია. იგი ატლანტიკურ საბჭოს ხელმძღვანელობს და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ასწავლის. რესპუბლიკელი სენატორი ნებრასკიდან, ჯორჯ ბუშის პოლიტიკის მოწინააღმდეგე და ირანის მიმართ სანქციების დაწესების მოწინააღმდეგე იყო. ასევე კონტროვერსიულია მისი შეხედულებები ისრაელზე. მისი 2007 წლის განცხადებით – „კანონშემოქმედები ებრაელების ლობირებამ დააბრმავა”. ჰეგელის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან სექსუალური უმცირესობები, მისი 1998 წლის დისკრიმინაციული განცხადების გამო, რისთვისაც მან ერთი თვის წინ ბოდიში მოიხადა. ჰეიგელი თავდაცვის მდივნის პოსტზე შეცვლის ლეონ პანეტას, რომელსაც თანამდებობა 2011 წლიდან უკავია. პანეტასგან განსხვავებით,

ჩაკ ჰეიგელი
ჰეიგელი ემხრობა ირანისთვის სანქციების მოხსნას და თავდაცვის ხარჯების შემცირებას. მის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას, შესაძლოა, ისრაელთან ურთიერთობების გაცივება მოჰყვეს.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ჯონ ბრენანის კანდიდატურაა წარდგენილი. ბრენანი CIA-ის საუდის არაბეთის სადაზვერვო ცენტრს ხელმძღვანელობდა. ის პრეზიდენტის ახლო მოკავშირე და იდეური მხარდამჭერია. ტერორისტებზე საჰაერო თავდასხმები სწორედ ბრენანის მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა. როგორც Washington Post წერს, ბრენანი დიდ როლს ასრულებდა სამიზნე ტერორისტების სიის შედგენაში და საბოლოო რეკომენდაციებს აძლევდა პრეზიდენტს. მისი განცხადებით, CIA-ის სტრუქტურა მომავალში უფრო გამჭვირვალე გახდება.

ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ობამას პოლიტიკის გატარებას მას შემდეგ შეუდგება, რაც სენატი მას საბოლოოდ დაამტკიცებს. მოხდება თუ არა პრეზიდენტის მიერ კურსის ცვლილება მეორე ვადაში, უახლოესი მომავალი გვაჩვენებს, თუმცა გუნდის ახალი წევრები არიან პრეზიდენტის თანამოაზრეები, რომლებიც მის შეხედულებებს და „რბილ” მიდგომას იზიარებენ. სწორედ ამიტომ, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები