„ჩანერგილები“

ღარიბაშვილი: ნორმალურია, რომ ერთ პარტიას სხვა პარტიაში ჩანერგილები ჰყავდეს

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა პოზიციაში ე.წ. პარტიებში ჩანერგილებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ტიპის პოლიტიკური შპიონაჟის გამოძიების აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი თქმით, ნორმალურია, რომ ამა თუ იმ პარტიას შეიძლება სხვა პარტიაში ჩანერგილები ჰყავდეს.

"ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური შპიონაჟია. თუ საქმე გვაქვს შსს-ს მიერ ჩანერგილ აგენტებთან ამა თუ იმ პარტიაში, რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია და კანონით დასჯადი ქმედებაა. შესაბამისად, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ეს არ არის აქტუალური საკითხი. ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს შესასწავლი და გამოსაძიებელი. არა მგონია, მანდ რაიმე იყოს გამოსაძიებელი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავჯდომარემ მანანა კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადეს, რომ რაიონებში მომხდარი ინციდენტები მართულია ნაციონალური მოძრაობის მიერ კოალიციაში შემავალ პარტიებში ჩანერგილი ადამიანებით. კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ ადამიანთა გვარები პარტიამ შსს-ს უკვე გადასცა. 

 

 

კომენტარები