საქართველო-სომხეთის ურთიერთობა

„რევანში ერევანში“

ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს უნდა ახსოვდეთ ასეთი სათაურის სტატია, რომელიც 1971 წლის 15 სექტემბერს „ლელოში“ დაიბეჭდა. მასში სომხეთის დედაქალაქში წინა დღეს გამართული პრინციპული საფეხბურთო მატჩის პერიპეტიები იყო აღწერილი. მანუჩარ მაჩაიძის გოლმა, რომელიც მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა, ახლადგახსნილ „რაზდანზე“ შეკრებილი 70 ათასი სომეხი გულშემატკივარი დაამწუხრა. მათმა სათაყვანებელმა „არარატმა“ შინ სეზონის პირველი მარცხი იგემა. პირველ წრეში ერევნელებმა თბილისში მოგვიგეს, ასე რომ, ერევანში რევანში შედგა. ორმოცდაერთი წლისა და ოთხი თვის შემდეგ, საქართველოს ახალი სამთავრობო გუნდისთვის ერთი შეხედვით საპროტოკოლო ვიზიტი სომხეთში მოულოდნელად წარუმატებელი გამოდგა. ფეხბურთისგან განსხვავებით, დიპლომატიურ და პოლიტიკურ წარუმატებლობებს შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს: მათ შორის ყველაზე დამაფიქრებელი მინიშნებებია მთავრობის ახალ საგარეოპოლიტიკურ ორიენტირებზე, რომელთა შესახებაც ერევნიდან გვამცნეს.

სწორედ ამ ახალი ორიენტირებით დავიწყოთ. შემდეგ, ორმხრივი ურთიერთობებიც განვიხილოთ.

მოდით, ტესტი ჩავატაროთ: თქვენ, საშუალოსტატისტიკურ საქართველოს მოქალაქეს, გთავაზობენ არჩევანს სახელმწიფო განვითარების ორ მოდელს შორის. ამ მოდელებს საერთო ის აქვთ, რომ მათ დაახლოებით ჩვენნაირი წარსულის მქონე სახელმწიფოები მისდევენ. განსხვავებები კი გაცილებით მეტია.

პირველი მოდელის სახელმწიფო:

• ევროკავშირის წევრია;

• NATO-ს წევრია;

• მას ზომიერი ურიერთობები აქვს რუსეთთან და მეგობრული ურთიერთობები – ყველა დანარჩენ მეზობელთან;

• აქტიურად მონაწილეობს რეგიონის ეკონომიკურ, სატრანსპორტო თუ ენერგეტიკულ პროექტებში.

 

მეორე მოდელის სახელმწიფო:

• არ ესწრაფვის NATO-ს წევრობას;

• ოთხი მეზობლიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი აქვს, ორთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს;

• ამ ორ მეზობელთან არ აქვს პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები;

• არ მონაწილეობს რეგიონულ სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში;

• მის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა;

• იმ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების წევრია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (კუხო);

• მისი დედაქალაქის აეროპორტში ჩამოფრენილ სტუმრებს, საკუთარ მესაზღვრეებთან ერთად რუსი მესაზღვრეებიც ეგებებიან.

 

თქვენ გაკვირვებული იკითხავთ: „ნუთუ ნათელი არაა, რომ ჩვენ განვითარების პირველი მოდელი უნდა ავირჩიოთ?“. აქამდე გულწრფელად გვჯეროდა, რომ საქართველოსთვის მისაბაძი სწორედ ეს მოდელი იყო – ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის განვითარების მოდელი. ასე მიაჩნდა საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას, რაც მათ ოფიციალურად 2008 წლის პლებისციტზეც დაადასტურეს.

პრემიერმინისტრ ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენთვის „მისაბაძი“ უნდა იყოს სომხეთის კარგი ურთიერთობები რუსეთთან და დასავლეთთან, ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტორების უგულებელყოფის შედეგია. თუ შევეცდებით, ავხსნათ, თუ რამ განაპირობა სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზე, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტზე, დავინახავთ, რომ ამ ფაქტორების კომბინაცია უნიკალურია და რომ „სამაგალითოდ“ საქართველოსთვის იგი ვერ გამოდგება.

დავიწყოთ გეოგრაფიით: ფართო ახლო აღმოსავლეთის გეოგრაფიული რეგიონის 17 ქვეყნიდან მხოლოდ ორს არ აქვს გასასვლელი ოკეანესთან (landlocked countries). თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანი კასპიის ზღვით ნაწილობრივ აკომპენსირებს ამ დეფიციტს, საზღვაო ზოლს სრულიად მოკლებული მხოლოდ სომხეთია, რომელიც მოქცეულია დასავლეთით თურქეთსა და აღმოსავლეთით აზერბაიჯანს შორის. ამ გეოგრაფიული თავისებურებით აიხსნება სომხეთის ისტორიული მისწრაფება ჰქონდეს გასასვლელი შავი ზღვის პორტებთან და სახმელეთო კომუნიკაცია რუსეთთან. მხოლოდ ამგვარად შეუძლია მას თავი დააღწიოს იმ გეოპოლიტიკურ „სენდვიჩს“, რომელშიც ის არის მოქცეული თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის.

ისტორიული ფაქტორები: 1) მე-20 საუკუნის დასაწყისის მძიმე ისტორიული ტრავმა, რომელიც სომხეთს ოსმალეთის იმპერიასთან და, შესაბამისად, თურქეთთან აკავშირებს; 2) 25-წლიანი გადაუჭრელი კონფლიქტი აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო.

უპირატესად ამ ფაქტორთა ერთობლიობის შედეგია ის, რომ სომხეთს „კარგი ურთიერთობები აქვს“ რუსეთთან. ფაქტი ის არის, რომ ერთი მხრივ, რუსეთი მართლაც უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოებას, მაგრამ მეორე მხრივ, სომხეთი ვერ აგვარებს ურთიერთობებს თავის თურქულენოვან მეზობლებთან, ვერ მონაწილეობს რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში, მონაწილეობს კუხო-ში (რაც გამორიცხავს მის წევრობას NATO-ში) და მასპინძლობს რუსეთის დიდ სამხედრო ბაზას.

რაც შეეხება სომხეთის ურთიერთობებს აშშ-სთან, აქაც საქმე გვაქვს სრულიად კონკრეტულ ფაქტორთან, რომლის გამეორება საქართველოსთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არის მრავალრიცხოვანი, კარგად ორგანიზებული, მდიდარი და პოლიტიკურად გავლენიანი სომხური დიასპორა.

სომხეთს და სომხებს უამრავი თვისება აქვთ, რომლის მიბაძვა მრავალ ერს, და მათ შორის ჩვენც, სასიკეთოდ წაადგებოდა – სიბეჯითე, ერთმანეთის გატანა, მეწარმეობისა და ვაჭრობის ნიჭი, ძლიერი დიასპორები და მრავალი სხვა. რასაც ჩვენ ვერ მივბაძავთ და ვერც გავიმეორებთ, არის მათი გეოგრაფია და ისტორია.

დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ბრწყინვალედ გაართვა თავი თურქეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას, მიუხედავად ასევე მძიმე წარსულისა, რომელიც ოსმალეთის იმპერიასთან გვაკავშირებდა. დღეს თურქეთი ჩვენი ნომერი პირველი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი და NATO-ში ჩვენი გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული მხარდამჭერია. ვინ იცის, იქნებ, ჩვენს მეგობარ სომხეთს სურდეს ჩვენი მიბაძვა ამ საკითხში?

ამას დაემატა მისი ორაზროვანი განცხადება იმის თაობაზე, რომ მართალია „მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი სტრატეგია ევროატლანტიკური ინტეგრაციაა“, მაგრამ „საზოგადოებები იცვლებიან და ვითარდებიან და შეიძლება სტრატეგიაც შეიცვალოს“.

ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სომხეთის განვითარების სტრატეგია ჩვენი განსჯის საგანს არ წარმოადგენს. ეს სომხეთის გადასაწყვეტია; მათ შორის ისიც, თუ რუსეთთან რა ურთიერთობებს არჩევს.

ამავე დროს, არსებობს სომხურ-რუსული ურთიერთობების ერთი განზომილება – და აქ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ანალიზზე გადავდივართ – რომელიც საქართველოს არ შეიძლება არ აღელვებდეს.

ესაა გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის აქტივობა და, განსაკუთრებით, იქ რუს სამხედროთა რიცხოვნობის გაორმაგება ათი ათასამდე, რაც 2012 წლის დეკემბერში განხორციელდა.

ჩვენი მხრიდან ამ საკითხის წამოჭრა ორმხრივი მოლაპარაკებების დროს სრულიად ლეგიტიმური იქნებოდა. ბაზა საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს და იქ რუსეთის შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის მკვეთრი ზრდის გამო ჩვენ სავსებით შეგვეძლო, განმარტება გვეთხოვა და მიგვეღო სომხეთის ოფიციალური დასტური, რომ ბაზის გაძლიერება არ არის მიმართული ჩვენ წინააღმდეგ.

ეს ასე არ მოხდა. სამაგიეროდ, ვიზიტის დროს განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც სომხეთის ინტერესს წარმოადგენს. ამ საკითხთა არასრული სია შემდეგნაირად გამოიყურება: მოსკოვი-ერევნის რკინიგზის გახსნა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ საქართველოს პოზიციის გაბუნდოვანება, და სომხეთის ისტორიის შესწავლა საქართველოს სკოლებში.

მოულოდნელად თვით მასპინძლებისთვის, პრაქტიკულად ყველა წამოჭრილ საკითხზე ქართველი კოლეგებისგან მათ დადებითი პასუხი მიიღეს. ისიც ყოველვარი შემხვედრი დათმობის მოთხოვნის გარეშე.

მოსკოვი-ერევნის რკინიგზის გახსნის შუქ-ჩრდილები ცალკე განხილვის საგანია. აქ მხოლოდ იმის თქმით შემოვიფარგლოთ, რომ რუსეთისა და სომხეთის სარგებელი ამ პროექტში უფრო ხელშესახები ჩანს, ვიდრე საქართველოსი. მით უმეტეს, რომ იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების ჰუმანიტარული პრობლემა მთლიანად ფრჩხილებს მიღმა დარჩა. ეს ინიციატივა კიდევ უფრო შემაშფოთებლად გამოიყურება ბაქო-ყარსი-ახალქალაქის პროექტის კრიტიკის კონტექსტში. თუ ეს უკანასკნელი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სარკინიგზო მონოპოლიის დასრულებას მოემსახურება, პირველი სამივე სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდას მოასწავებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე ჩვენი პოზიცია ისტორიულად ნათელი იყო და ოთხ პრინციპს ეფუძნებოდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ: 1) აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, 2) მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას, 3) რეგიონის ეთნიკური სომხური მოსახლეობის უფლებების პატივისცემას და 4) მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ძალისხმევას, იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ყველა მხარისთვის მისაღები ფორმულა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანმიმდევრულად არ ცნობდა მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. „ადგილობრივ“, „საპარლამენტო“ და „საპრეზიდენტო არჩევნებს“, ხოლო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიმეტრიულად არ ცნობდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“. ერევნული ვიზიტის დროს ეს პოზიცია მოულოდნელად ბუნდოვანი გახდა. ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისადმი ჩვენი მიდგომის გაბუნდოვანება შეიძლება ბუმერანგივით დაგვიბრუნდეს.

„ერევანში თავისი ვიზიტის დროს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაურ გარეგინ II-ს შეჰპირდა, რომ სომხეთის ისტორია საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილი გახდება“, იუწყება რადიო თავისუფლება თავის 18 იანვრის გამოშვებაში. საქართველოს სომხურენოვან სკოლებში სომხეთის ისტორიის შესწავლის საკითხს თავისი ისტორია აქვს. ის, თუ როგორ წარმოედგინათ სომეხ ისტორიკოსებს სომხეთის ისტორიის სწავლება ჩვენს სკოლებში, არ იყო თავსებადი ჩვენი ისტორიკოსების წარმოდგენებთან საქართველოსა და სომხეთის ისტორიაზე. ამ ტიპის შეუთავსებლობაში ტრაგიკული არაფერია – ანალოგიურ მდგომარეობას შეხვდებით მრავალი მეზობელი სახელმწიფოს ურთიერთობებში. ამ საკითხზე ბოლო წლებში საქართველოს პოზიცია იყო: ჩვენი სომხურენოვანი მოსწავლეებისთვის მათი ისტორიული სამშობლოს ისტორიის სწავლება რეგიონის და მსოფლიოს ისტორიის კონტექსტში. ჩვენ ვქმნიდით და ვხვეწდით ახალ სასწავლო გეგმებს და, საჭიროებისამებრ, ერთობლივი კომისიის ფორმატში, ჩვენი ექსპერტები კონსულტაციებისთვის მიმართავდნენ თავიანთ სომეხ კოლეგებს. ბუნებრივია, სრული სუვერენიტეტი იმაზე, თუ რა უნდა ეწეროს ჩვენს სასწავლო გეგმაში, ჩვენ გვეკუთვნოდა. ისმის კითხვა, სუვერენიტეტის ამ ნაწილს ვთმობთ?

საქართველოს ახალი მთავრობის დროის რესურსი – როცა შეუძლია, თავისი წარუმატებლობები გამოუცდელობით ახსნას – იწურება. მას დიდი ძალისხმევა დასჭირდება ორმხრივ ურთიერთობებში განცდილი წარუმატებლობების დასაძლევად.

გაცილებით რთული იქნება სახელმწიფოს სტრატეგიული განვითარების კურსიდან გადახვევის გამოსწორება. ისტორიამ, როგორც ვნახეთ, რევანშები იცის.

 

კომენტარები