ოლეგ მელნიკოვი

ადვოკატის ინფორმაციით, ოლეგ მელნიკოვი საქართველოში ექსტრადიციაზე თანახმაა

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ მელნიკოვი საქართველოში ექსტრადიციაზე თანახმაა. 

"ოლეგ მელნიკოვი თანახმაა, საქართველოში მისი ექსტრადიცია მოახდინონ. უკვე მოაწერა კიდეც ხელი შესაბამის თანხმობას. ახლა ქართულ მხარეზეა დამოკიდებული, რა ვადაში უზრუნველყოფს ექსტრადიციისთვის საჭირო პროცედურების გავლას", - აღნიშნა ველიჯანაშვილმა.

ადვოკატის თქმით, მელნიკოვს საქართველოში დაბრუნება სიმართლის დასამტკიცებლად სურს.

"მელნიკოვი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სწორედ ამიტომ უნდა, მისი ექსტრადიცია მოხდეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას აპირებს", - აღნიშნა ადვოკატმა.

ველიჯანაშვილის ინფორმაციით, მელნიკოვის საქმეზე კიევის სასამართლოში ხვალ სააპელაციო განხილვაა ჩანიშნული.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელზეც ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, გასული წლის 7 დეკემბერს უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. ამ დროისთვის მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

კომენტარები