აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

ხარატიშვილი: აჭარის საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შეცვლა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს

ცესკოს-თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შეცლას დემოკრატიული განვითარებისთვის ზიანის მომტანად აფასებს. წერილში ნათქვამია, რომ პროცესი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას არ ემსახურება და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე გავლენის მოპოვებას. ხარატიშვილი პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. 

"მოგმართავთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 29 იანვარს, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამოქალაქო სექტორის მოწოდების მიუხედავად, მიიღო კანონი, რომელიც არსებითად ცვლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების წესს და უფლებამოსილების ვადას. დღემდე დამკვიდრებული პრაქტიკისგან განსხვავებით, კანონი მიღებულ იქნა ნაჩქარევად, საარჩევნო ადმინისტრაციის და სხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ავტორიტეტული ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართვის გარეშე. ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კანონის მიღებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთმა პოლიტიკურმა თანამდებობის პირმა განახორციელა ზეწოლა და შანტაჟი უსკო-ს წევრებზე, რათა მათ საკუთარი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინათ თანამდებობები. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მურმან დუმბაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე", - ნათქვამია ზურაბ ხარატიშვილის ღია წერილში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების შესახებ კანონი 29 იანვარს მიიღო. 
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, უსკო და მისი თავმჯდომარე 6 წლის ვადით აირჩევა. ამასთან, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრები - უვადოდ, ხოლო თავმჯდომარე მხოლოდ ერთი ვადით აირჩევა.

კომენტარები