რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ვაშაძე: ვერ ვნახე ქმედება, რომელიც დამარწმუნებს ხელისუფლებაში პრორუსული ძალების მოსვლაში

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ  გადაცემა პოლიტმეტრში ნინო ჟიჟილაშვილის კითხვებს უპასუხა. ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის არცერთი პარტიის წევრი არ არის და ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანებას ადრე აპირებდა, შემდეგ კი მათი გზები არ დაემთხვა ერთმანეთს. 

ყოფილმა მინისტრმა ქვეყნის საგარეო კურსსა და მის ცვლილებაზეც ისაუბრა. მისი აზრით, რუსეთთან დიალოგის დაწყებას უფრო დიდი მომზადება სჭირდებოდა.

"მე ვერ ვნახე ჯერჯერობით იმისთანა ქმედება, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ პრორუსული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ მათ განზრახული აქვთ შეცვალონ ჩვენი საგარეო კურსი და ურთიერთობები მოკავშირეებთან. თუმცა არის ცუდად დაფორმირებული გზავნილები, ჩვენ ვიცით, რომ ყველა მოვლენა ისტორიაში სიტყვით იწყება. ისტორია არ ღებულობს იმ არგუმენტს, რომ მე ამის თქმა არ მინდოდა, იმის თქმას ვაპირებდიო. ყველა სიტყვას მოჰყვება მოვლენები, რომლებიც არსებობას თავისი ლოგიკით იწყებენ. უკიდურესად უსიამოვნო თემა არის, რომ ჩვენ რუსეთთან დიალოგის აღდგენა დავიწყეთ სერიოზული მომზადების გარეშე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას", - განაცხადა ვაშაძემ. 

ყოფილმა მინისტრმა აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ახალმა ფორმატმა შეიძლება ჟენევის ფორმატი და არაღიარების პოლიტიკა დაასუსტოს. 

"მე მივესალმები რუსეთთან დიალოგის დაწყებას, მაგრამ ფორმატი უკეთ უნდა მოგვეფიქრებინა. ეს შეიძლება განხილული იყო როგორც დე ფაქტო ურთიერთობების აღდგენა. შეიძლება ამ ფორმატმა დაასუსტოს ჟენევის ფორმატი. ამ ფორმატმა შეიძლება დაასუსტოს ჩვენი არაღიარების პოლიტიკა, თუ კიდევ ვინარჩუნებთ ჩვენ ამ პოლიტიკას. რუსი დიპლომატები ახლა ყველგან იმეორებენ, რომ ნუ დაუჭერთ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს მხარს, ნუ მისცემთ ხმას გაეროსა და ეუთოში, რადგან ჩვენ ახლა ქართველებთან გვაქვს პირდაპირი დიალოგი", - განაცხადა ვაშაძემ. 

 

კომენტარები