საქალაქო სასამართლო

სასამართლო ნარკოდანაშაულთან მიმართებით ამნისტიის კანონის გავრცელებაზე განმარტებას აკეთებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით ამნისტიის კანონის გავრცელების შესახებ განმარტება გააკეთა. სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძის განცხადებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 261-ე მუხლის მე-3 ან/და მე-4 ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) გათვალისწინებული დანაშაული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამნისტია არ ვრცელდება, თუ  ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდება გასაღების ნიშნით, ამასთანავე, პატიმარი ადრე უკვე არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის, გარდა ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით. 

"2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი" სხვადასხვა ფორმით, პრაქტიკულად ყველა ბრალდებულს და მსჯავრდებულს ეხება, ვინც ბრალად შერაცხული დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა, გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებისა", - ნათქვამია განცხადებაში. 

ამ ეტაპზე სასამართლომ განიხილა და შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და პრობაციის ბიუროში გადაგზავნილია 5516 ამნისტიის საქმე.

კომენტარები