საწვავის ფასი

ლუკოილში სადღესასწაულო განწყობის გახანგრძლივების აქცია დასრულდა და საწვავზე ფასმა ისევ მოიმატა

თებერვლიდან, კომპანია ლუკოილმა ყველა კატეგორიის საწვავზე ფასი 5 თეთრით გააძვირა. კომპანიის სადისტრიბუციო ქსელში ევრო სუპერის მარკის ბენზინი 2,22 ლარი ღირს, პრემიუმ ავანგარდი - 2,15 ლარი, ევრორეგულარი - 2,00 ლარი, ევროდიზელი - 2,17 ლარი.
"დღეს არის მეათე დღე, რაც ფასდაკლების აქცია წამოვიწყეთ. მცირე კორექტირების შეტანა მოგვიწია იმიტომ, რომ ბოლო დღეებში ფასის მკვეთრი ზრდა არის ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ბაზარზე. თუ მოვახდენთ კალკულაციას, ეს დაახლოებით 20-თეთრიანი ზრდაა. ჩვენ 5 თეთრით მოვუმატეთ ფასი. მიუხედავად იმისა, რომ ფასი გავზარდეთ, ბაზარზე მაინც ყველაზე დაბალ ნიშნულს ვინარჩუნებთ ყველა მსხვილ ნავთობკომპანიას შორის. რეგულარი ჩვენს ქსელში დღეს 2 ლარი ღირს", - განაცხადა ლუკოილის გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მშველიძემ  ნეტგაზეთთან საუბარარში.
კომპანიამ 29 იანვარს "სადღესასწაულო განწყობის გახანგრძლივების" მოტივით ფასდაკლების აქცია შესთავაზა მომხმარებელს და 10 დღის განმავლობაში ევრორეგულარის მარკის საწვავს 1,95 ლარად ყიდდა.
აღსანიშნავია, რომ Reuters-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ნავთობის ფასები ბოლო ვაჭრობის შედეგად სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. ლონდონში, Inter Continental Exchange Futures-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 0,51 აშშ დოლარით მოიმატა და 117,24 აშშ დოლარი შეადგინა. ნიუ იორკში, New York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 0,79 აშშ დოლარით 95,83 აშშ დოლარამდე შემცირდა.

კომენტარები