პარლამენტი

უსუფაშვილი: ვერანაირი პოლიცია ვერ გაუმკლავდება ჯგუფს, რომელსაც არეულობა აქვს დაგეგმილი

„დღეს მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ჩვენს ქვეყანას არ აწყობს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას.

უსუფაშვილის განმარტებით, პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის გადადება კონსტიტუციის შესაბამისად მოხდა. მისი განცხადებით, პრეზიდენტის სურვილმა მოხსენებით მაინც გამოსულიყო, სიტუაცია გაამწვავა.

„თუ მას მოხსენების გაკეთება უნდოდა, გაეკეთებინა საკუთარი რეზიდენციიდან. თუ მას მართლაც ჰქონდა სათქმელი ხალხისთვის, რა ასეთი მოუთმენლობა ჭირდა, რომ მაინცდამაინც დღეს უნდა ეთქვა, რის თქმასაც აპირებდა?“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა „შეარჩია ისეთი შენობა ღია სივრცეში, სადაც უსაფრთხოების უზრუნველყოფა რთული იქნებოდა“.

„მან უნდა დაინახოს და გააცნობიეროს, რომ საქართველოში დაგროვილია ძალიან დიდი უკმაყოფილება და სერიოზული გაბრაზება და ამას ანგარიში უნდა გაუწიოს... როცა ამას ანგარიშს არ უწევს, ე, ი. რაღაც სხვა მიზეზებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა სპიკერმა.

მისი თქმით, „ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა გიგი უგულავას ქმედებით“, რომელიც, უსუფაშვილის თქმით, ხალხის მასაში „სკანდირებითა და ხელების ქნევით მიდიოდა“, რასაც მოჰყვა ინციდენტი, რომელშიც პარლამენტის წევრებიც დაზარალდნენ.

„ვნახე კადრები, როდესაც პარლამენტის წევრებზე იყო შეხება და ჩიორა თაქთაქიშვილს სისხლი სდიოდა. ეს ყოვლად დაუშვებელია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა არ ისარგებლეს იმ კორიდორით, რომელიც იყო დაცული სამართალდამცველების მხრიდან.

"ასე რომ, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ფორმალური ძალაუფლების ამარა დარჩენილი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური გამოსავალი აღარ დარჩა, მიდის ყველაფერზე, რათა საკუთარ ახირებებს შესწიროს ქვეყანა. მე ძალიან მკაფიოდ მინდა ვუთხრა ყველას, მთავრობის წევრებსაც, პარლამენტის წევრებსაც, მოქალაქეებსაც, ვისაც სურს და მართლა დაინტერესებულია ქვეყნის უკეთესი მომავლით და იმით, რომ ორი წუთის გულის მოფხანვის გამო არ შესწიროს საკუთარი ქვეყანა, ნუ მივცემთ ამ ადამიანებს საშუალებას სხვა დღის წესრიგი შექმნან ქვეყანაში, რათა იმ პრობლემებს გაექცეს, რა პრობლემების გამოც ხალხმა უარი უთხრა ხელისუფლებაზე. მე ყველას მივმართავ, დავიცვათ კონსტიტუცია და ყველა, ვისაც გვაკისრია პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საქმეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამავე დროს, მის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ პოლიცია და მისი ხელმძღვანელები გამოიტანენ სათანადო დასკვნებს, „რომ, როგორც ჩანს, საწყის ეტაპზეა მისაღები ზომები და მსგავსი გართულებები თავიდან ასაცილებელი“.

„ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია და ის გამოიყენებს იმას, რომ ხალხი გაბრაზებულია და გამოიყენებს იმას, რომ საზოგადოება იმ დონემდეა მისული, ყველაფერზეა წამსვლელი. მოქალაქეებს მივმართავ, აღარ დავუშვათ მსგავსი ქმედება და არ მივცეთ საშუალება, გადაფაროს სხვა თემები, არ მივცეთ საშუალება, რომ გაექცეს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია და რომლის გაქცევასაც ცდილობს. სადაც არ უნდა მივიდეს, სადაც არ უნდა გამოჩნდეს, არ უნდა დავუშვათ კანონის დარღვევა. რაც მე კადრებში ვნახე, ეს იყო ამაზრზენი. ამისი არც მოთმენა შეიძლება, არც განმეორება შეიძლება და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიცია და მისი ხელმძღვანელები გამოიტანენ სათანადო დასკვნებს, რომ, როგორც ჩანს, საწყის ეტაპზეა მისაღები ზომები და საწყის ეტაპზეა მსგავსი გართულებები თავიდან ასაცილებელი. დღესვე, ამაღამვე, ხვალ დილასვე ვნახავთ, ვინ ჩაიდინა ეს ვანდალური ფაქტები", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"უგულავამ პროვოკაცია მოაწყო და თაქთაქიშვილი გაილახა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. არჩევნებმა სააკაშვილს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა, ამას სჭირდება გააზრება. დღეს ჩვენ ვნახეთ რომ შს მინისტრი მივიდა ადგილზე რაც ძალიან კარგია. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ასეთი რამ პარლამენტთან რომ მომხდარიყო? ამას უფრო მეტი რეზონანსი მოჰყვებოდა. როგორც სჩანს მას ეს ჩაფიქრებული ჰქონდა. ამიტომაც ვერანაირი პოლიცია ვერ გაუმკლავდება ადამიანთა ისეთ ჯგუფს რომელსაც ასეთი რამ აქვს დაგეგმილი", -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები