რელიგიური უმცირესობები

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი საჯარო ბიბლიოთეკასთან და პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, ტაბულა მას უცვლელად გთავაზობთ: 

"ძვირფასო მეგობრებო, ის, რაც დღეს თბილისში მოხდა, გულგრილად ვერ დატოვებს ვერცერთ ადამიანს, რომელსაც საქართველოს ბედი ადარდებს, შინაურს თუ გარეულს.

დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, რომელიც არის საქართველოს ერთობის, შემწყნარებლობისა და მრავალფეროვნების სიმბოლო, იქცა სოციალური განხეთქილების წაქეზების დღედ, რაც ჩვენს სამშობლოში არსებულ სავალალო რეალობაზე მიანიშნებს. დასანანია რაც მოხდა, მაგრამ უფრო დასანანი ის იქნება თუ არ მოხდა იმის გააზრება, რომ განსხვავებული აზრისა და განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთისათვის ყურის დაგდება.

ჩვენი წინამორბედი თაობები ლოცულობდნენ და ოცნებობდნენ იმ დღის დადგომისათვის, როცა საქართველო თავისუფალი იქნებოდა. დღეს საქართველო ტექნიკურად თავისუფალია, მაგრამ ნამდვილი თავისუფლება გულისხმობს პიროვნების სრულ თავისუფლებას, მის ხელშეუხებლობასა და დაცულობას.

მე ყველაზე მეტად ის მანაღვლებს, რომ ის ბზარი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა, შეიძლება ისე გაღრმავდეს, რომ ჩვენ ვეღარ შევძლოთ ერთმანეთთან დიალოგის გამართვა. ამის გარეშე კი ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და კეთილდღეობა ვერ დაისადგურებს.

მე მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ცივი გონებით შეხედოს მოვლენებს, გააანალიზოს ყველაფერი და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ალაგმოს თითოეული ადამიანის დევნის, შეურაცხყოფისა და პიროვნების ღირსების შელახვის ყოველგვარი გამოვლინება.

დღეს ეს შანსი კიდევ არსებობს და მისი ხელიდან გაშვება არაფრით არ შეიძლება. მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, რომ შურისძიებისა და წყენის გამო სამაგიეროს გადახდის გზას შერიგებისა და თანამშრომლობის გზა ამჯობინოთ. საქართველოში ურთიერთპატიებასა და შერიგებას სხვა ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს.

მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი

ოქსფორდი, გაერთიანებული სამეფო

Oxford, United Kingdom

8/02/2013"

 

კომენტარები