პრეზიდენტის წლიური მიმართვა

გიგა ბოკერია: ღარიბაშვილმა სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების დეტალები მოჰყვა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვერსია უარყო.  
"მე დავუკავშირდი ღარიბაშვილს რამდენიმე საათით ადრე ამ მოვლენებამდე, როცა ნათელი იყო, რომ ძალადობისკენ მიდიოდა ყველაფერი. გვინდოდა ნებისმიერი ინციდენტი აგვეცილებინა. მინისტრი დამპირდა, რომ არანაირ ძალადობას არ ექნებოდა ადგილი, შესვლა კორიდორით იქნებოდა შესაძლებელი. ვიფიქრეთ, რომ პოლიცია იზრუნებდა იმაზე, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა არ იქნებოდა", - განაცხადა ბოკერიამ.
უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი მას sms-ით მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც უმცირესობის დეპუტატებს უკვე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და შესთავაზა, პრეზიდენტი ალტერნატიული გზით შეეყვანათ შენობაში.
"სამწუხაროა, რომ მინისტრმა სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ არსებობდა კორიდორი სხვაგან, რომელიც ვერავინ ვერ დაინახა", - აცხადებს ბოკერია. 
მისი თქმით, მინიმალური ძალისხმევა, უფრო მეტი სამართალდამცველის მობილიზება საკმარისი იქნებოდა ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.
"ეს ყველაფერი არის უფრო ფუნდამენტური პრობლემის ნაწილი. თუმცა, დღეს ძალიან სამარცხვინო და ამაზრზენი ფორმით მოხდა ამის გამოვლინება და ასლან აბაშიძე გამახსენა. ამავე ტიპის სიძულვილით - ზოგიერთი შეიძლება გულწრფელი სიძულვილით, ზოგიერთი დაქოქილი სიძულვილით - აღსავსე მოძალადე ჯგუფების გამოყენება, ეს იყო ასლან აბაშიძის მოქმედების კლასიკური სტილი. ვარდების რევოლუციამდე იყო სხვა ადგილებიც საქართველოში, სადაც ასეთ ჯგუფებს ახვედრებდნენ ადამიანებს და მათ არბევინებდნენ ხალხს. მაგრამ უფრო დიდი პრობლემა არის ის, თუ საიდან მოდის ეს. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, ეს არის კლიმატი, რომელიც არის შექმნილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, პრემიერმინისტრიდან დაწყებული. ის განცხადება, რაც ქალბატონმა ეკამ (ბესელია) განაცხადა, რომ ივანიშვილი არის გარანტი, რომ ხალხი თქვენ არ გაგისწორდეთ, ესეც არის ნაწილი ამ კლიმატის შექმნის. ასეთი განცხადებები გვესმოდა სულ, რომ თქვენ მოსაკლავები ხართ და დასახოცები, მაგრამ აი ეხლა არ დავახოცვინებთ თქვენ თავს", - განაცხადა ბოკერიამ. 

კომენტარები