ნაბუკო

სამხრეთის ნაკადი VS. ნაბუკო

წლის შემოდგომაზე რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის სამხრეთის ნაკადის მშენებლობაზე შეთანხმებამ და ნაბუკოს პროექტზე მისი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის, გერმანული ენერგოკომპანიის RWE-ს მხრიდან უარმა, ნაბუკოს პროექტის განხორციელება გაურკვეველი ვადით გადადო. თუმცა, როგორც ეკონომიკის ძირითადი კანონი გვკარნახობს, მონოპოლიზაცია და ფასის ზრდა სტიმულს იძლევა, რომ მოიძებნოს სუბსტიტუტი. ეს ბუნებრივი აირის ბაზარზე უკვე გამოჩნდა.

გასული წლის დეკემბერში გაზპრომმა საზეიმოდ გახსნა სამხრეთ ნაკადის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს შავ ზღვაში (რუსეთის შავის ზღვის სანაპიროდან ბულგარეთამდე და შემდგომში სახმელეთო მილსადენით ავსტრიამდე) ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობას. ის რუსეთს საშუალებას მისცემს, უკრაინის და პოლონეთის გვერდის ავლით, ევროპას ყოველწლიურად დაახლოებით 63 მილიარდი კუბური მეტრი აირი მიაწოდოს.

ეს პროექტი რუსეთის მხრიდან ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგების პროცესში უხერხული ტრანზიტული ქვეყნების (პოლონეთი და უკრაინა) ჩამოცილების მეორე ეტაპია. პირველმა ეტაპმა (ჩრდილოეთის ნაკადი), რომელიც ორი წლის წინ წარმატებით დასრულდა, გაზპრომს საშუალება მისცა, რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით წლიური 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გამტარობის მილსადენი აეშენებინა.

ხოლო ნაბუკოს პროექტს, რომელსაც საქართველოს და თურქეთის გავლით კასპიის ზღვის ქვეყნების ბუნებრივი აირი ევროპის ქვეყნებისათვის უნდა მიეწოდებინა, მისი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის, გერმანული RWE-ს, მხრიდან უარის თქმის, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის და ბუნებრივი აირის მომწოდებელი ქვეყნების პასიურობის გამო, საკმაოდ დიდი კითხვის ნიშანი დაესვა.

ბუნებრივი აირი – ევროპის სუსტი წერტილი

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ევროპის ბუნებრივი აირის მოხმარება წლიური 550-დან 600 მილიარდ კუბურ მეტრამდე მერყეობს. აქედან თითქმის 50% იმპორტირებულია.

გასული წლის მონაცემებით, გაზპრომმა ევროპას (დსთ-ს გარდა) ბუნებრივი აირის მთლიანი მოხმარების 28.7% მიაწოდა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ევროპის ბუნებრივი აირის მომარაგების სხვა ნებისმიერი წყარო. 

საერთაშორისო ორგანიზაციების თუ კომპანიების მიერ გაკეთებული პროგნოზი ევროპის ბუნებრივი აირის იმპორტის ზრდას წინასწარმეტყველებს. შესაბამისად, საჭიროა დამატებითი მოწოდების წყაროების გამონახვა. ამას ემატება ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი:

• ევროპაში ბუნებრივი აირის მოპოვება კლებულობს (კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ფიქლის აირის მოპოვებაზე არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ამჟამინდელი საკუთარი მოპოვება ევროპაში მომდევნო 15-20 წლის მანძილზე, სავარაუდოდ, განახევრდება)

• 2011 წელს ევროპის უდიდესმა ბუნებრივი აირის მომხმარებელმა ქვეყანამ – გერმანიამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავისი ელექტროენერგიის წარმოების 23%-ს, რომელსაც ატომური ელექტროსადგურები აწარმოებდნენ, 2022 წლამდე ჩაანაცვლებს ელექტროსადგურების სხვა წყაროებით, რომელთა შორისაც ლომის წილს აირტურბინული დანადგარები წარმოადგენენ.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზებიდან გამომდინარე, 2025 წლისთვის ევროპას, სავარაუდოდ, დასჭირდება 450 მილიონი კუბური მეტრი აირის იმპორტი, რომლის მინიმუმ ნახევრის მიწოდებასაც რუსეთი გეგმავს.

აღიარებული ფაქტია, რომ რუსეთისთვის ბუნებრივი აირი არა მარტო მისი ერთობლივი ეროვნული პროექტის 12%, არამედ საგარეო პოლიტიკის საკმაოდ მძლავრი იარაღიცაა. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ბევრი ქვეყნის ბუნებრივი აირით მომარაგების 70-დან 100%-მდე წილი სწორედ გაზპრომზე მოდის (მაგალითად: უნგრეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ავსტრია, პოლონეთი, ჩეხეთი). ნაბუკოც, რომელსაც რუსეთის გვერდის ავლით უნდა მიეწოდებინა ევროპისათვის კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებში მოპოვებული ბუნებრივი აირი, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის იყო, რადგან მილსადენში გამავალი გაზის თითქმის ნახევარი მათთვის იყო განკუთვნილი. პროექტის განხორციელება მათ მნიშვნელოვან კომერციულ და პოლიტიკურ კაპიტალს აძლევდა რუსეთთან ბუნებრვი აირის ფასზე და პოლიტიკურ საკითხებზე მოლაპარაკებისას.

ამასთან, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ისეთი „ურჩი” ქვეყნებისათვის ჭკუის სწავლება, როგორებიცაა უკრაინა და პოლონეთი. ევროპაში მიმავალი 155 მილიარდი კუბური მეტრი აირის ექსპორტის 80%-ზე მეტი ევროპაში ხვდება უკრაინის, ხოლო დარჩენლი ნაწილი ბელარუსის გავლით. შარშან ბუნებრივი აირის ფასის შენარჩუნების (ამჟამად, ბელარუსი საშუალოდ 170 აშშ დოლარს იხდის 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში) სანაცვლოდ, ის ევრაზიის კავშირის საბაჟო კავშირში შესვლას დათანხმდა, სადაც მისი და რუსეთის გარდა, ჯერჯერობით მხოლოდ ყაზახეთმა განაცხადა შესვლაზე მზადყოფნა.

ჩრდილოეთის ნაკადმა ბელარუსი, როგორც ბუნებრივი აირის სატრანზიტო ქვეყანა, მომდევნო 5-10 წლის მანძილზე მაინც

ნაკლებად საჭირო ქვეყნად აქცია, ამიტომ მისი ამ პირობებზე „დათანხმება” ადვილი იყო. სამხრეთ ნაკადის აშენებით, რუსეთი ორ მიზანს აღწევს – ამცირებს ნაბუკოს განხორციელების ეკონომიკურ მოტივაციას და ბელარუსის მსგავსად უკრაინის სატრანზიტო როლსაც იმდენად შეასუსტებს, რომ უკრაინისა და პოლონეთისთვის ბუნებრივი აირის შეწყვეტით, ევროპის ენერგოკონტრაქტების შესრულებას მაინც მოახერხებს. გარდა ამისა, უკრაინას საბაჟო კავშირში გაწევრიანებას თუ სხვა პოლიტიკურ დათმობებს უფრო თამამად მოსთხოვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ ნაკადის განხორციელება და ნაბუკოს დაბლოკვა რუსეთს საშუალებას აძლევს, გავლენა იქონიოს არა მარტო ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების ფასებზე, არამედ კასპიის ზღვის ქვეყნების (თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი) მიერ ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდებაზეც. მით უმეტეს, რომ მათ, სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან განსხვავებით (რომელთაც თხევადი ბუნებივი აირის საზღვაო ტანკერებით ევროპის ტერმინალებამდე მიტანა შეუძლიათ), მილსადენის გარდა, ბუნებრივი აირის მიწოდების სხვა საშუალება არ აქვთ.

ნაბუკო vs. სამხრეთ ნაკადი

არსებობდა აღმოსავლეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების რამდენიმე პროექტი. თუმცა არცერთი მათგანი არ მდგარა რეალობასთან და ეკონომიკურ მიზანშეწონილობასთან ისე ახლოს, როგორც ნაბუკო და სამხრეთ ნაკადი. ნაბუკო, ევროგაერთიანების და აშშ-ის ინტერესების საფუძველზე წარმოშობილი იდეაა, ხოლო სამხრეთ ნაკადი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი პროექტი.

ეკონომიკური და ტექნიკური პარამეტრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნაბუკო სამხრეთ ნაკადზე უფრო საინტერესოა, მაგრამ ევროპის ბუნებრივი აირის იმპორტის ზრდის პერსპექტივა ერთის განხორციელებით მეორეს არ გამორიცხავს, თუმცა ეკონომიკური მიზანშეუწონლობის გამო, მეორე პროექტის დაახლოებით 6-8 წლით გადავადებას მაინც გამოიწვევს.

ნაბუკოს ძირითადი უპირატესობები სამხრეთ ნაკადთან შედარებით:

• ამცირებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხს;

• პროექტი ღიაა რამდენიმე ტრანზიტული მიმწოდებლისთვის, რაც კონკურენციის და, შესაბამისად, მონოპოლიური ფასწარმოქმნისგან იცავს მომხმარებელს;

• წაახალისებს ახალი საბადოების ათვისებას, რადგან ევროპა არის ბუნებრივი აირის გასაღების ყველაზე ძვირი ბაზარი მსოფლიოში.

• წაახალისებს ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობას, რაც თურქმენეთის, უზბეკეთის და ყაზახეთის საკმაოდ დიდი ბუნებრივი აირის მარაგებს გზას გაუხსნის ევროპის ბაზრებისკენ რუსეთის გვერდის ავლით და ხელს შეუწყობს მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას;

• ტექნიკურად უფრო მარტივად განსახორციელებელია, შედარებით იაფი იქნება მისი ექსპლუატაცია და ეკონომიკური პარამეტრებიც უკეთესია. შესაბამისად, მისი სატრანზიტო ტარიფიც დაახლოებით 40-50%-ით იაფია სამხრეთ ნაკადის სატრანზიტო ტარიფზე (წინასწარი გათვლებით, 1.8 აშშ დოლარი – ნაბუკო და 3.5 აშშ დოლარი – სამხრეთ ნაკადი. 1000 კუბური მეტრის ტრანსპორტირება 100 კმ-ზე).

მიუხედავად ზემოხსენებული უპირატესობებისა, ნაბუკოს აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რამაც გამოიწვია ის, რომ სამხრეთ ნაკადის მშენებლობა უკვე დაიწყო (თუმცა ჯერ კიდევ არ დასრულებულა რამდენიმე ფორმალობა, როგორიცაა თუნდაც გარემოზე ზემოქმედების შეფასება), ნაბუკოს ბედი კი გაურკვეველია.

1. არ არსებობს კონტრაქტები ბუნებრივი აირის მომწოდებელი ქვეყნების/კომპანიების მხრიდან. პროექტის დაფინანსება კი გარანტირებული ენერგომატარებლების და კონტრაქტების გარეშე წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი მზადაა ნაბუკოს გამტარუნარიანობის ნახევარი თვითონ დატვირთოს, ირანთან კონფლიქტმა, რუსეთის მიერ ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის დაბლოკვამ და ერაყის მიერ ბუნებრივი აირის მოპოვებაზე ლიცენზიების და კონტრაქტების გაურკვეველმა მომავალმა გააჩინა ეჭვი, რომ მილსადენი საპროექტო სიმძლავრემდე ვერ დაიტვირთება და ინვესტორები იმ ეკონომიკურ სარგებელს ვერ ნახავენ, რაც წინასწარ არის დაგეგმილი.

2. ინვესტორებს არ აქვთ აღებული ვალდებულება (სავარაუდოდ, ამის გამომწვევი მიზეზი პირველი პრობლემაა) პროექტში ინვესტიციის განხორციელებაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, უარი თქვან პროექტში მონაწილეობაზე ნებისმიერ დროს. ამის ნათელი მაგალითია გერმანული კომპანია RWE, რომელმაც დაახლოებით 2 თვის წინ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლაზე.

3. 2006 და 2009 წლების ბუნებრივი აირის მოწოდების კრიზისებს ევროპისთვის თუ რამე შეეძლო ესწავლებინა, ეს მოწოდების დივერსიფიკაცია უნდა ყოფილიყო. თუმცა, მიუხედავად ეკონომიკური და პოლიტიკური მიზანშეწონილობისა, 27 მონაწილის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ბევრად უფრო ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა, ერთი მონაწილის მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებასთან შედარებით.

4. ნაბუკოს განხორციელება რუსეთზე დამოკიდებულებას კი ამცირებს, მაგრამ ზრდის ევროპის დამოკიდებულებას თურქეთზე. ამ უკანასკნელის რეგიონული გავლენის ზრდამ და ევროგაერთიანებაში შესვლის შეფერხების შედეგად იქ გაჩენილმა უარყოფითმა მუხტმა ევროპას დამატებითი თავსატეხი გაუჩინა. თან ეს მაშინ, როდესაც თურქეთის ეკონომიკა იზრდება, ხოლო ევროგაერთიანების ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილის ფისკალური მდგომარეობა სავალალოა. ამიტომ, ევროპელები ეჭვის თვალით უყურებენ თურქეთის აღზევებას და მისთვის დამატებითი ბერკეტების გადაცემის სისწორეში დარწმუნებულები არ არიან.

რა გავლენას იქონიებს ნაბუკოს განხორციელების შეფერხება საქართველოზე

სამხრეთ ნაკადის დაწყება და ნაბუკოს გაურკვეველი მომავალი საქართველოზე ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკურ კონტექსტში იქონიებს გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტით ქვეყანა ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებდა გარკვეული მოცულობის შედარებით იაფ გაზს, განხორციელდებოდა რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია (რაც თავისთავად დადებით გავლენას მოახდენდა ბიუჯეტზეც და მიმდინარე ანგარიშის ბალანსზეც) და, მინიმუმ, რამდენიმე ასეულ ადამიანს დაასაქმებდა,

მისი პოლიტიკური ეფექტი ბევრად უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. ესენია: უფრო მაღალი ინტეგრაცია ტრანსკასპიურ პროექტებში, რეგიონული გავლენის გამყარება და ევროპის კიდევ უფრო დიდი მოტივაცია, მხარი დაეჭირა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისათვის.

ნაბუკოს გადადებას რუსეთისთვის დიდი პოლიტიკური წარმატება მოაქვს ყველა იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელზეც ამ პროექტს უნდა გაევლო და რომელსაც ამ პროექტის მეშვეობით ბუნებრივი აირი უნდა მიეღო. ეს კი იწვევს იმას, რომ სხვა, ირიბად დაკავშირებულ პოლიტიკურ სადავო საკითხებშიც რუსეთი კიდევ უფრო მეტ ბერკეტს იძენს მოლაპარაკების პროცესში. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი სტატუსკვო შენარჩუნდა.

ალტერნატივები და რისკები

ერთი შეხედვით, ორივე მილსადენი ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება და ევროპაში მოხმარების ზრდამ, შესაძლოა, სამხრეთ ნაკადის რესურსის ამოწურვის შემდეგ ნაბუკოს აუცილებლობაც დააყენოს დღის წესრიგში, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბუნებრივი აირის მოპოვებაში და მის ტრანსპორტირებაში მიღწეულმა წარმატებებმა, შესაძლოა, თვით სამხრეთ ნაკადსაც შეუქმნას პრობლემა.

2005 წლის შემდეგ, მსოფლიოში აქტიურად დაიწყო ფიქლის გაზის მოპოვება. ამან განსაკუთრებით დიდი მასშტაბები მიიღო აშშ-ში, რამაც ეს ქვეყანა, გასული წლის მონაცემებით, მსოფლიოში ბუნებრივი აირის უმსხვილეს მომპოვებლად აქცია. ამასთან, ბუნებრივი აირის ფასმაც მნიშვნელოვნად დაიკლო და ამჟამად, აშშ-ში ის, ევროპასთან შედარებით, დაახლოებით სამ-ნახევარჯერ იაფია. ეს ტენდენცია კი გამოიწვევს იმას, რომ 1) რამდენიმე წელიწადში აშშ ბუნებრივი აირის ექსპორტიორი გახდება. 2) აშშ-სთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირი, რომელიც თხევადი ფორმით მიემართებოდა სპარსეთის ყურიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან, ევროპისკენ აიღებს გეზს (ნაწილობრივ ეს პროცესი უკვე დაიწყო). 3) ევროპაშიც დაიწყება ფიქლის ბუნებრივი აირის მოპოვება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი პოტენციური მარაგები სწორედ იმ ქვეყნებშია, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას – პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი და უკრაინა.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის მილსადენებით ბუნებრივი აირის მიწოდება ტრანსპორტირების ყველაზე იაფი გზაა, ტექნოლოგიურმა განვითარებამ ხელი შეუწყო ბუნებრივი აირის გათხევადებას და მისი საზღვაო ტანკერებით ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებას. ეს კი ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის ბაზარი ევროპაში შედარებით უფრო ლიკვიდური გახდება. გაიზრდება კონკურენცია მომწოდებელთა მხრიდან და ამასთან, გაზპრომის გავლენა და მის მიერ შემოთავაზებული ფასიც შემცირდება.

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს შორის ფასების დიდი სხვაობა გაზის გათხევადების და ტანკერებით გადაზიდვის მოგებიან საქმედ გადაქცევის წინაპირობას ქმნის. სამომავლოდ კი ევროპა იმპორტს შეამცირებს და ნაბუკოსა და სამხრეთ ნაკადის პოლიტიკური დატვირთვისგან შესაძლოა მხოლოდ საერთაშორისო კონსორციუმებისთვის გადასახდელი ვალებიღა დარჩეს. როგორც საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა შეიხ ზაკი იამანმა რამდენიმე წლის წინ აღნიშნა: „ქვის ხანის დამთავრების მიზეზი ის კი არ იყო, რომ დედამიწაზე ქვები გათავდა, არამედ ის, რომ უფრო ეფექტური ალტერნატივა გამოჩნდა”.

 

კომენტარები