დაკითხვა

დავით ბაქრაძე: გიგი უგულავა ხვალ დაკითხვაზეა დაბარებული

თბილისის მერი გიგი უგულავა და მერიის სხვადასხვა სტრუქტურაში მომუშავე ათეულობით ადამიანი ხვალ დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძე საოლქო პროკურატურაში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარების საკითხს გამოეხმაურა და ეს ფაქტი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების დევნის გაგრძელებად შეაფასა.

"მინდა ჩვენს საზოგადოებას ვაცნობო ახალი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის ლიდერების წინააღმდეგ დევნის კამპანიას. ხვალ დაკითხვაზე დაბარებული არიან ვანო მერაბიშვილი და მასთან ერთად ზურაბ ჭიაბერაშვილი. მოტივი საინტერესოა, ის უკავშირდება დასაქმების პროგრამას, რომელიც წინა ხელისუფლებამ წამოიწყო. ხვალვე დაკითხვაზეა დაბარებული გიგი უგულავა და ათეულობით ადამიანი, რომელიც მუშაობს მერიის სხვადასხვა სამსახურში. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ფართომასშტაბიანი კამპანია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გრძელდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

მისივე თქმით, ხელისუფლების ზეწოლა ნაციონალურ მოძრაობას პოზიციას ვერ შეაცვლევინებს.

"მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ვერანაირი ზეწოლით ნაციონალური მოძრაობა პოზიციას ვერ შეიცვლის. ეს დღეები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ 8 თებერვლის ამაზრზენი დარბევის შემდეგ, გაჩნდა პერსპექტივა რაღაცაზე მოვილაპარაკოთ. მინდა დავადასტურო ისიც, რომ ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პარტია, გავაგრძელებთ ამ მოლაპარაკებებს, თუმცა ვერანაირი ზეწოლით ვერ გვაიძულებენ მხარი დავუჭიროთ იმას, რაც მიგვაჩნია ქვეყნისთვის ცუდად და არასწორად", - აღნიშნა ბაქრაძემ.

 

კომენტარები