იუსტიციის სამინისტრო

წულუკიანი: ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე იმას ნუ იტყვით, რასაც მარტო დარჩენის დროს ფიქრობთ

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურა იძულებულია, დეპუტატები პარლამენტში დაკითხოს. მისი თქმით, რამდენიმე დეპუტატი ბოროტად სარგებლობს თავისი უფლებებით და პროკურატურაში არ მიდის, ამიტომ პროკურატურა თვითონ მივა პარლამენტში. 

"თვითონ ამბობენ პროკურატურაში მოსვლაზე უარს. თუ ღვინიაშვილი და სხვა დეპუტატები თავს არიდებენ დაკითხვაზე მოსვლას, პროკურატურა ვერ დაიწყებს პაექრობას და აქედან გამომდინარე, თავად მივა დასაკითხად პარლამენტში", - განაცხადა წულუკიანმა. 

მისი განცხადებით, პროკურატურა მოქმედებს კანონით დადგენილი წესებით და იმისთვის, რომ ჩაატაროს გამოძიება, ვალდებულია დეპუტატებს რამდენჯერმე გაუგზავნოს დაკითხვაზე მოწვევა. 
"გამოძიებას სხვა გზა არ რჩება, თუ რამდენიმე მოწვევის შემდეგ დეპუტატები მაინც არ ცხადდებიან დაკითხვაზე, გამოძიება პაექრობას ვერ დაიწყებს და კანონით დადგენილი წესებით იმოქმედებს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

თეა წულუკიანმა ასევე მოუწოდა მთავრობის წევრებს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ნუ იტყვიან იმას, რასაც მარტო დარჩენის დროს ფიქრობენ. მინისტრი პოლიციის აკადემიის პრორექტორის, ლუკა კურტანიძის საგაზეთო ინტერვიუში გამოყენებულ გამონათქვამს გამოეხმაურა, სადაც კურტანიძე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვირთხებად მოიხსენიებს. 

"როცა მარტო ვრჩები, ყოფილ მთავრობაზე მეც ვფიქრობ. ყველა მთავრობის წევრს მოვუწოდებ, ნუ იტყვიან ყოფილ მთავრობაზე იმას, რასაც ფიქრობენ, როცა მარტო დარჩებიან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა თინა ხიდაშელმა გადაცემა პოზიციაში განაცხადა, რომ თუ კიდევ დიდი ხანი არ დაიკითხა გიორგი ღვინიაშვილი, ხვალ და ზეგ მოითხოვს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლას.

მისი თქმით, უნდა დადგინდეს, გიორგი ღვინიაშვილი აფარებდა თუ არა ხელს ბუტა რობაქიძის მკვლელებს. 
"მთელი 9 წლის განმავლობაში, ჩვენ ყველაზე მეტად ვამბობდით, რომ პროკურატურა იყო მთავარი დამნაშავე ამ ქვეყანაში. ჩვენი მთავარი ბრალდება იყო ის, რომ პროკურატურა აყალბებდა საქმეებს, ხელს აფარებდა დამნაშავეებს და ა.შ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმ მთავარი ჯგუფიდან იყო გიორგი ღვინიაშვილი. ეს ის პერიოდია, როდესაც ბუტა რობაქიძის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობა მოხდა, სხვას აღარ ვეხები. აქამდე რომ არ იყო გიორგი ღვინიაშვილი დაბარებული პროკურატურაში, მე ამაზე მაქვს პრეტენზია პროკურატურასთან. რაც უფრო დიდი ხანი არ დაკითხავს პროკურატურა მას, მით უფრო დიდი პრეტენზია მექნება და ხვალ და ზეგ, მე თვითონ მოვითხოვ პარლამენტში იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლას, თუ ეს საქმე არ გაგრძელდა და თუ არ გამოიკვეთა, ამ საქმეში ამ კაცს რამე ბრალი მიუძღვის თუ არ მიუძღვის და აფარებდა თუ არა ის ხელს ბუტას მკვლელებს", - განაცხადა ხიდაშელმა. 

კომენტარები