დაკითხვა

მერაბიშვილის დაკითხვა დასრულდა

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკითხვა დასრულდა. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, ქუთაისში, ის მოწმის სტატუსით დაკითხეს. პროცესი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

დაკითხვიდან გამოსულმა მერაბიშვილმა ბოდიში მოუხადა სოციალურ აგენტებს. "მე გავარკვიე, რომ თურმე ივანიშვილის დავალებით ორი ათასი სოციალური აგენტი დაუკითხავთ. მინდა თითოეულ სოცაგენტს, რომელიც დაკითხეს და რომელსაც დაკითხავენ, ბოდიში მოვუხადო და მადლობა გადავუხადო, რომ მათ შეადგინეს მრავალრიცხოვანი მონაცემთა ბაზა. ისინი ექვსას ათას ოჯახში იმყოფებოდნენ და ამის მოწმე მთელი საქართველოა", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის გარდა, პროკურატურაში დაკითხეს კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი. გამოძიების განცხადებით, საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებულ უმუშევართა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში 5.24 მლნ ლარის საბიუჯეტო სახსრების, სავარაუდო, არამიზნობრივ ხარჯვას ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ.

პროკურატურის განცხადებით, იმ 20 ათასზე მეტი სოციალური აგენტიდან, რომლებიც უმუშევართა მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით წინა მთავრობამ დაიქირავა, 2000 ადამიანი დაიკითხა და მათი ჩვენებებიდან დადგინდა, რომ პროგრამის ფარგლებში არ უმუშავიათ. თანხა კი ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერი აქტივობებისთვის მიიღეს.

"ფაქტია, რომ ეს მთავრობა არ ფიქრობს დასაქმებაზე. იმედია, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც იზრუნებს ჩვეულებრივ ხალხზე, იზრუნებს მათ დასაქმებაზე და საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს არ გადააყოლებს მთელ ქვეყანას", - განაცხადა ასევე დაკითხვიდან გამოსულმა მერაბიშვილმა.

 

კომენტარები