ნეპოტიზმი

ნადირაშვილი: თუ არ გყავს პატრონი ქართულ ოცნებაში, წარმოუდგენელია მოხვდე საჯარო სამსახურში

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ქართულ პოლიტიკაში ნეპოტიზმის თემაზე ბრიფინგი გამართა. 
"ტენდენცია ნეპოტიზმის, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა პირდაპირ ეთერში მწვანე შუქი აუნთო ნათესავ-მეგობრების, ოჯახის წევრების საჯარო სამსახურებში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას. ამით პრემიერმინისტრმა დააკანონა ისიც, რომ თუ არ გყავს პატრონი ქართულ ოცნებაში, თუ არ ხარ რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრი ან ნათელმირონი, მაშინ შენთვის წარმოუდგენელია მიაღწიო რამეს, მოხვდე საჯარო სამსახურში და გადადგა წინ ნაბიჯი", - განაცხადა ნადირაშვილმა. 
დღეს, 14 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა ნეპოტიზმის ფაქტებთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მაგალითზე იმსჯელა. მისი თქმით, ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება იყო სპორტის დეპოლიტიზება, თუმცა არჩევნების შემდეგ სამინისტროში შეიცვალა რამდენიმე ფედერაციის ხელმძღვანელი და ამ თანამდებობებზე სწორედ მოქმედი მინისტრები და დეპუტატები დაინიშნენ. 
"მაგალითად, პარლამენტის ვიცესპიკერი ზურაბ აბაშიძე ბეისბოლის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ლერი ხაბელოვის მოადგილედ დაინიშნა შოთა ხაბარელის შვილი მამუკა ხაბარელი", - აღნიშნა დეპუტატმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი იმასაც აცხადებს, რომ სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ების რეორგანიზაცია განახორციელა, რომლის შედეგად ქართული ოცნების აქტივისტებმა სხვადასხვა თანამდებობები დაიკავეს.
"მაგალითად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად დაინიშნა ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარი, ამჟამად ჩეხეთში ელჩობის კანდიდატის ზაალ გოგსაძის მეუღლე, ქეთევან ფეიქრიშვილი. კიდევ ერთ სსიპ-ში კი, ლევან ყიფიანის მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილმა თავისი შვილი დანიშნა საინფორმაციო ტექნოლოგიური დეპარტამენტის დირექტორად. გარდა ამისა, ენერგეტიკის მინისტრის ცოლის ძმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თავის სამინისტროში სამსახურის უფროსის მოადგილედ აიყვანა.
ამასთან, ბევრს არ ვისაუბრებ ლუკა კურტანიძეზე, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია და რომელიც ადამიანების ცოცხლად გატყავებაზე ოცნებობს. ამასთან, ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. კახა ბექაური კი, რომელიც პრემიერმინისტრის მეუღლის ტელევიზიის ყოფილი დირექტორია, სროლის ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
ბრიფინგის დასასრულს ნადირაშვილმა მთავრობას თხოვნით მიმართა, ამ ინფორმაციის გავრცელების გამო მის მიმართ უკმაყოფილებას, მისი ოჯახის წევრების პროკურატურაში მორიგი დაბარებით ნუ გამოხატავს.

კომენტარები