საკონსტიტუციო ცვლილებები

საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლოა ვადაზე ადრე ამოქმედდეს

საპარლამენტო უმცირესობა მმართველ გუნდს სთავაზობს, რომ ახალი კონტიტუციის ის მუხლები, რომლებიც ეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებას მთავრობასა და პარლამენტთან მიმართებაში, ამოქმედდეს დღესვე და არ დაელოდონ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, გარკვეული მუხლები დღესვე უნდა ამოქმედდეს, გარკვეულ ნაწილზე კი, აჩქარება არ ღირს. 
"ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა იმ თემასთან მიმართებაში, რაც აწუხებს მთავრობას, კერძოდ, ეს არის ურთიერთობა პრეზიდენტს და მთავრობას შორის, მთავრობას და პარლამენტს შორის, პრეზიდენტს და პარლამენტს შორის, ყველა ამ ნაწილთან მიმართებაში, მზად ვართ, ვიყოთ კონსტრუქციულები და ეს ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად ავამოქმედოთ დღესვე. რაც შეეხება სხვა უფლებამოსილებებს, აქ მიდის მოლაპარაკება. გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიჩქარე არ ღირს და შესაძლებელია, მათი ამოქმედება და ძალაში მოხდეს ოქტომბრიდან, როგორც იგეგმებოდა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 
მისივე თქმით, ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებისთვის. 
"მათ შორის, ამ დაპატიმრებების და დაკავებების ტალღის შესაჩერებლად და მთლიანობაში საზოგადოების სტაბილურობის და სიმშვიდის ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისა და ჩვენი ხალხისთვისაც და ამ შემთხვევაში, ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო - რა არის მნიშვნელოვანი ხალხისთვის და ქვეყნისთვის და არა ის, თუ რა უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი პრეზიდენტი, პრემიერი ან ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან პოზიტიური და ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული წინადადება. მე შემიძლია დავადასტურო, რომ უმრავლესობის მხრიდანაც ამ წინადადებას გარკვეული პოზიტიური რეაგირება მოჰყვა და ჩვენ ახლა ვმუშაობთ კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ მუხლებზე, თუ რა ნაწილი შეიძლება ამოქმედდეს დღესვე", - აღნიშნა ბაქრაძემ. 
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, ამ საკითხზე საუბარი გაიმართა პრეზიდენტთან შეხვედრაზეც. 
"პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ამ საკითხზე საუბრის საშუალება არ მქონდა. ვადასტურებ, რომ ახლა საუბრები მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ ძალაში ხომ არ შევიყვანოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2010 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ შეიმუშავა და მიიღო. მოქმედი რედაქციით,  ეს ცვლილებები მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებები მნიშვნელოვნად მცირდება. პრემიერმინისტრის უფლებამოსილება იზრდება და პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უფლებები ბალანსდება. ამ ცვლილების ამოქმედებით, ბევრი პრობლემა მოგვარდებოდა, რომელიც ამჟამად დღის წესრიგში დგას'', - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
მისივე თქმით, ამ ნაბიჯისთვის ნაციონალური მოძრაობა ადრე მზად არ იყო. 
"ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბერში ჩვენი მხრიდან იყო ეს შეთავაზება ნაციონალური მოძრაობისთვის, თუმცა იმ პერიოდისთვის ისინი არ იყვნენ მზად და უფლებამოსილების შემცირება პრეზიდენტისთვის არ იყო მათთვის მისაღები. შექმნილ რეალობაში მათ გამოთქვეს არათუ მზადყოფნა, არამედ თავად გამოვიდნენ ინიციატივით აღნიშნულთან დაკავშირებით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა უსუფაშვილმა

კომენტარები