არენა

ძალადობის ქანქარა

0 კომენტარი

"ძალის გამოყენება არ არის უფლება… მორჩილებას მხოლოდ ლეგიტიმური ძალა უნდა უზრუნველყოფდეს” - ჟან ჟაკ რუსო.

ცა ცისფერია, ბალახი – მწვანე, სახელმწიფოდ კი მაშინ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოება, თუ მისით დასახლებულ ტერიტორიაზე ძალადობის ლეგიტიმაციის წყარო ექსკლუზიურად სახელმწიფოა. ცხადია, ლეგიტიმური ძალადობის ძირითადი ინსტრუმენტები პოლიცია და ჯარია. თუმცა, ძალის გამოყენების უფლება კერძო სტრუქტურებსაც შეიძლება ჰქონდეთ, იმ შემთხვევაში, თუ მათ ლეგიტიმაციას სახელმწიფო ახდენს.

რაც მეტად მოდერნიზებულია საზოგადოება, მით მეტად ეფექტიანია სახელმწიფო მონოპოლია ძალადობაზე, შესაბამისად, მეტად ეფექტიანია სახელმწიფოს მართვაც.

თუ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ამ ჭრილში შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ის საათის ქანქარასავით ვითარდება – უკიდურესობიდან უკიდურესობამდე. პირველ ნახევარში სახელმწიფო ვერ, ან არ ახორციელებდა მონოპოლიას ლეგიტიმურ ძალადობაზე და „წესრიგის” დამყარება ხან მეტად, ხან ნაკლებად, არაფორმალური დაჯგუფებების ნებაზე იყო მიშვებული. მეორე ნახევარში ახორციელებდა, ოღონდ გადაჭარბებით. სხვა ფაქტორთა შორის, ძალის ბოროტად გამოყენების გამო, წარმატებული რეფორმატორებისგან შემდგარმა მმართველმა გუნდმა არჩევნები ბიძინა ივანიშვილთან, ნუკრი ქანთარიასთან, სოსო ჯაჭვლიანთან, ეკა ბესელიასთან, დავით საგანელიძესთან და სხვა პოლიტიკოსებთან წააგო. პატიმრებზე ძალადობის ამსახველმა კადრებმა წერტილი დაუსვა იმ ადამიანების მოთმინებას, რომლებიც მანამდე საგადასახადო ორგანოების ბიზნესზე ზეწოლას, ანაც სამართალდამცავთა ელიტური დაჯგუფების და პროკურატურის თავგასულობას იტანდნენ, იმ მიზეზით, რომ ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესი ალტერნატივა არ ჩანდა. ისინი წავიდნენ და პირველ ოქტომბერს ხმა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მისცეს.

არჩევნების შემდეგ საათის ქანქარა საპირისპირო მიმართულებით დაიძრა – ციხეებში ქაოსია, ქუჩაში კრიმინალმა იმატა, ექსტრემისტები რელიგიურ უმცირესობებს ავიწროებენ, მასობრივი გაფიცვები ეკონომიკის თუ საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზებას ახდენს, არალეგიტიმური ძალადობა თვითმმართველობების თუ მმართველი პარტიის შიგნით პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა. ახალი ხელისუფლება ძალადობის ფაქტებს გმობს, მაგრამ პასუხისმგებლობას არათუ თავისთავზე არ იღებს, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებს, ან მათ მიერ „ჩანერგილ” პროვოკატორებს აკისრებს.

ამ ჯაჭვის ყველაზე თვალსაჩინო რგოლად ქვეყნის მეთაურის ყოველწლიური მიმართვის ირგვლივ დატრიალებული მოვლენები იქცა.

პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა პარლამენტში სანახაობის გარეშე რომ არ ჩაივლიდა, ვიცოდით – ქართული ოცნების მხარდამჭერთა გარკვეული ნაწილი „დაკარგული ღირსების” დასაბრუნებლად პოლიტიკური ოპონენტების „სირცხვილის დერეფანში” გატარებას და მათთვის კვერცხების დაშენას აპირებდა.

მაგრამ ქვეყნის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში ვერ მივიდა. უმრავლესობა, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენლებმაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მანდატები დახიეს და ამომრჩევლის ინტერესების პარლამენტში წარმოდგენას, ქუჩაში დარჩენა არჩიეს, ამჯერად სააკაშვილთან კამათს გაექცა. მმართველმა ძალამ მიზეზად საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებული უთანხმოება დაასახელა და პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა და თანამდევი საპარლამენტო დებატი გაურკვეველი ვადით გადადო. უმრავლესობის ამ ნაბიჯმა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურისა და დემოკრატიული ტრადიციის დეფიციტის შესახებ.

დებატის გუნებაზე მოსულმა სააკაშვილმა უმრავლესობას განწყობა არ გააფუჭებინა და გამოსვლის თარიღი, ადგილი და აუდიტორია შეცვალა: 7 თებერვლის ნაცვლად – 8 თებერვალი; პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაცვლად – პარლამენტის ბიბლიოთეკა; პარლამენტარების ნაცვლად – მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.

შესაბამისად, ქუთაისში დაგეგმილმა ცირკმა თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე გადმოინაცვლა. ნანა კაკაბაძემ, მელორ ვაჩნაძემ, ჯაბა ჯიშკარიანმა და 200-მდე ცოცხმომარჯვებულმა პიროვნებამ საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს და „ღირსების დაბრუნებას” შეუდგნენ. პოლიციაც იქვე იყო, თუმცა თვითმხილველების თქმით, საზოგადოებრივი წესრიგის კონტროლზე მან ვერ, ან არ იზრუნა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქალაქის მერის და ნაციონალური მოძრაობის წევრების გამოჩენის შემდეგ, ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია რადიარდ კიპლინგის ცნობილი ნაწარმოების მიზანსცენას დაემსგავსა.

პოლიციის სრული უმოქმედობის ფონზე, სააკაშვილზე სამართლიანად თუ უსამართლოდ გაბოროტებულმა ადამიანებმა ცხვირპირი დაუსისხლიანეს რამდენიმე დეპუტატს და პრეზიდენტის მხარდამჭერს, რომლებიც საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

პრეზიდენტის გამოსვლა დაგეგმილზე სამი საათით გვიან, მაგრამ მაინც შედგა – სასახლეში. როგორც ჩანს, არჩევნების წაგება იყო საჭირო იმისთვის, რომ ქვეყნის მეთაურს უსაშველოდ მოსაწყენ ტრადიციად ქცეული მონოლოგის რეჟიმში დიალოგის ელემენტები შეეტანა. ძალადობით გადატვირთული, სკანდალური საღამო სააკაშვილმა, მოულოდნელად, შემრიგებლური რიტორიკით დაასრულა.

ხელისუფლება თავდაცვის მდგომარეობაში აღმოჩნდა – ირაკლი ღარიბაშვილმა საშველად გრაფიკოსს უხმო და არარსებული უსაფრთხოების დერეფნები საჯარო ბიბლიოთეკის შენობას მეორე დღეს მიახატა, ხოლო თინა ხიდაშელმა ირაკლი ღარიბაშვილის უწყებას გადაუხადა მადლობა იმისთვის, რომ ხალხზე ხელი არ აღმართა – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლეგიტიმური ძალა არ გამოიყენა და ქ-ნი ხიდაშელის პოლიტიკურ მხარდამჭერებს მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ არალეგიტიმურ ძალადობაში ხელი არ შეუშალა.

ივანიშვილი გუდიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ამბებს მეორე დღეს გამოეხმაურა. პრემიერმა ძალადობა დაგმო და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა, თუმცა მოვლენების განვითარებამ მხოლოდ გააძლიერა არჩევნების შემდეგ გაჩენილი ეჭვი, რომ სახელმწიფო ძალის გამოყენებაზე მონოპოლიას ლეგიტიმურ ჩარჩოებში კი არ აქცევს, არამედ – უბრალოდ კარგავს:

როგორც გაირკვა, თანამედროვე საქართველოში არსებობს რაღაც ჯგუფი, რომლის დამორჩილება პოლიციას არ ძალუძს, ხოლო დაუმორჩილებლობისთვის დასჯა ხელისუფლებას არ სურს. ამ ჯგუფის წევრები პოლიციელისთვის ჩარტყმაში მხოლოდ 100 ლარს იხდიან. გამოჩნდა ისიც, რომ შესაძლოა ნაციონალურ მოძრაობასაც დასჭირდეს ე.წ. დამრტყმელი ძალა, თუ სურს პოლიტიკური მოღვაწეობა განაგრძოს და მსგავს შემთხვევებში უმოქმედო პოლიციის თვალწინ დასისხლიანებისგან თავი დაიცვას.

ჩვენ, ვინც 30 წელს გადავაბიჯეთ, გონების დაძაბვა არ გვჭირდება იმის მისახვედრად, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ერთგვარ „საზოგადოებრივ წესრიგს”, პოლიციის, ან სახელმწიფოს მიერ ლეგიტიმირებული სხვა უწყების ნაცვლად, არაინსტიტუციონალიზებული დაჯგუფება ამყარებს – ზარალდება რიგითი მოქალაქე, რადგან იზრდება ძალადობრივი ჯგუფების პოლიტიკური წონა მოქალაქეების პოლიტიკური მნიშვნელობის ხარჯზე. შევარდნაძემ ძალაუფლება მსგავსი დაჯგუფებების დახმარებით მოიპოვა 90-იან წლებში, თუმცა მისი შენარჩუნება, ამ დაჯგუფებათა მეტ-ნაკლები განეიტრალების შედეგად შეძლო.

სახელმწიფოს მიერ ძალადობაზე მონოპოლიის დაკარგვის ტენდენცია ბევრად სახიფათოა, ვიდრე თავად სახელმწიფო ძალადობა, ანუ ის, რასაც ქართველი ამომრჩეველი პირველ ოქტომბერს გაექცა.

სახელმწიფო მანქანა, თუნდაც რეპრესიული, როგორც წესი, გარკვეულ ლოგიკას ემყარება – მაგალითად, ერჩის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს და იშვიათი გამონაკლისების გარდა, საქმე არ აქვს რიგით მოქალაქესთან.

რეპრესიულ აპარატს, ისევე როგორც ნებისმიერ ბიუროკრატიას, ახასიათებს უპიროვნო ფორმალიზებულ წესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებათა მიღების სისტემა (chain of command), იერარქია, განსაზღვრული უფლებამოსილებები და სპეციალიზაცია. თვითნებობა პრინციპულად უარყოფილია, თუმცა, პრაქტიკაში მისი გამორიცხვა მეტწილად დამოკიდებულია ბიუროკრატიული ტრადიციების სიმყარესა და პროფესიონალიზმზე.

სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ძალის გადამეტების სახიფათო სიგნალებზე წაყრუების პოლიტიკის შედეგად, ნაციონალური მოძრაობა იძულებული გახდა, მართალია ნაკლოვანი, მაგრამ განვითარების სწორ გზაზე დაყენებული სახელმწიფო პოლიტიკური ოპონენტებისთვის გადაელოცა სამართავად. იგივე ბედი ელის მმართველ ძალას, თანაც გაცილებით სწრაფად, თუ სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მომასწავებელ ნიშნებზე თვალს დახუჭავს და ამ პროცესის ხარჯზე აღზევებულ ვინმე ხუხაშვილს, ვინმე ვაჩნაძეს და სხვა არაინსტიტუციონალიზებულ „მაკონტროლებლებს” კუთვნილ ადგილს არ მიუჩენს.

თუმცა, ქართული ოცნების მარცხზე ბევრად მნიშვნელოვანი და მტკივნეული ის ფასი იქნება, რასაც ქაოსში გახვეული ქვეყანა მმართველი ძალის შეცდომებში გადაიხდის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები