ილია მეორე

პატრიარქი: დიდი სურვილია, საქართველო გახდეს ევროპული სტრუქტურების ნაწილი

სვეტიცხოვლის საპატრიარქო რეზიდენციაში გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორ ჰელენ კლარკსა და ილია მეორეს შორის შეხვედრა გაიმართა.

"ჩვენი დიდი სურვილია, საქართველო გახდეს ევროპული სტრუქტურების ნაწილი, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს გაეროსთან, ევროპის სტრუქტურებთან. ჩვენ იმედით ვუყურებთ თქვენს ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკურ განვითარებას. ჩვენთვის ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რომ არ არის აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა. აფხაზეთი და ცხინვალი - ეს არის ღია ჭრილობა საქართველოსი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წართმეული ტერიტორიები კვლავ დაბრუნდება. როგორც აფხაზეთი, ასევე ცხინვალის რეგიონი არის ძირძველი ტერიტორია საქართველოსი", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

პატრიარქმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ წლების განმავლობაში იყო აფხაზეთის ეპარქიის ეპისკოპოსი და ამის შემდეგ აირჩიეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. ჰელენ კლარკს ილია მეორემ უთხრა, რომ დასავლეთში ბევრი ქართველი ახალგაზრდა სწავლობს, ცდილობს მიიღოს ცოდნა, ეზიაროს ევროპულ კულტურას და გაეცნოს ევროპულ სტრუქტურებს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ხუთი წლის განმავლობაში იყო მსოფლიო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, რომლის ცენტრი შვეიცარიაშია.

"ვაღიარებთ, რომ თქვენ ქართველი ხალხის სულიერი ლიდერი ხართ. მნიშვნელოვანია, რომ შიდა დაპირისპირებები დიალოგის გზით მოგვარდეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თქვენ პოლიტიკურ პარტიებს ამისკენ მუწოდებთ. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ იმ წარმატებებით, რასაც ქართველი ხალხი ამ გარდამავალ პერიოდში აღწევს", - განაცხადა შეხვედრაზე ჰელენ კლარკმა.

შეხვედრის მეორე ნაწილი დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ჰელენ კლარკი სვეტიცხოველში მივიდა.

 

კომენტარები