მთავრობა

მაია ფანჯიკიძე: მე ვგმობ სტალინის ძეგლის აღდგენას

0 კომენტარი

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. როგორც მაია ფანჯიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. 

''ჩემთვის ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, პირველად ვიყავი ამ სტატუსით პარლამენტში. უბრალოდ, შეიძლება მეორე და მესამე შეხვედრა უკეთესი გამოგვივიდეს და უფრო მეტი კონცენტრაცია იყოს საგარეო საქმეებზე. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ განელებულა წინა წლის ვნებები და ემოციები და ამიტომ ხშირად მოგვიწია იმ თემებზე საუბარი, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო აქტუალური. შედარებით ნაკლები დრო დარჩა საგარეო პოლიტიკაზე სასაუბროდ, რადგანაც შეკითხვები უფრო ისეთი სახით იყო, რომ თავის თავში შეიცავდა წინა პერიოდის გახსენების აუცილებლობას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უმცირესობის შეშფოთებას საგარეო საქმეთა მინისტრიც იზიარებს. 

''შეხვედრის ფაქტი მისასალმებელია და კარგია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მობრძანდა პარლამენტში ოპოზიციასთან შესახვედრად. ძალიან ხანგრძლივი, დეტალური და გულწრფელი დისკუსია იყო. არის საკითხები, სადაც, ბუნებრივია, არსებობს განსხვავებული მიდგომები, არსებობს პრობლემები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ გვქონდა პრობლემები უმრავლესობის მოსაზრებებთან, გამოიკვეთა, რომ პრაქტიკულად საგარეო საქმეთა სამინისტროც იზიარებს უმცირესობის შეშფოთებას და ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მკვეთრად დააფიქსირა, რომ საქართველო არ გადაუხვევს არჩეული საგარეო კურსიდან", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღევანდელ შეხვდრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი სტალინის ძეგლის აღდგენასაც შეეხო. როგორც ფანჯიკიძემ დეპუტატ გიორგი კანდელაკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის სტალინის ძეგლის აღდგენას გმობს. 

"მე სტალინის ძეგლის აღდგენას არ მივესალმები, კი არა - ვგმობ. მე ამას კერძო ინიციატივად მივიჩნევ. სტალინი არის ყველაზე უფრო საშინელი მოვლენა მეოცე საუკუნისთვის და აბსოლუტურად გაიგივებულია ჩემთვის ეს ჰიტლერთან. ერთი რამეა, რაც ჩვენს ქვეყანას უნდა გაეკეთებინა და ვერ გავაკეთეთ, ეს არის ამ მოვლენის შესწავლა და ამ მოვლენაზე ძალიან ფართო მსჯელობა. მხოლოდ ოკუპაციის მუზეუმის გახსნა საქმეს ვერ უშველის, თუკი ბავშვს თავიდანვე  ისტორიაში არ ასწავლე, რა მოვლენა იყო ეს და რატომ არის დასაგმობი'', - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები