გივი თარგამაძე

მოსკოვის სასამართლომ გივი თარგამაძის დაპატიმრების სანქცია გასცა

21 თებერვალს, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის საქართველოს პარლამენტის დეპუტატ გივი თარგამაძეზე დაპატიმრების  სანქცია გასცა.

რუსეთის საგამოძიებო სამსახურებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ თარგამაძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია რუს ოპოზიციონერ აქტივისტებთან ერთად მოსკოვში არეულობების ორგანიზების გამო.

საქართველოს კანონმდებლობით, გივი თარგამაძე საპარლამენტო იმუნიტეტით სარგებლობს.  დეპუტატის დაკავება პარლამენტის თანხმობის გარეშე აკრძალულია, ხოლო საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს საქართველოს მოქალაქის ექსტრადიციას სხვა სახელმწიფოებში. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ თარგამაძე საქართველოს მოქალაქე და პარლამენტის წევრია და ქართული სახელმწიფო მას დაიცავს.

ოქტომბერში რუსეთის ფედერალურმა საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო სერგეი უდალცოვის და კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი აქტივისტის წინააღმდეგ. უდალცოვს ბრალად დასდეს მასობრივი არეულობების ორგანიზება უცხოელი მოქალაქეების დახმარებით. 

ოქტომბერში გამოქვეყნდა ტელეკომპანია  NTV-ს დოკუმენტური ფილმი "პროტესტის ანატომია", რომელიც  მოიცავს ფარულად ჩაწერილ ვიდეოს, სადაც სავარაუდოდ ჩანს გივი თარგამაძე, რომელიც რამდენიმე რუს ოპოზიციონერს ხვდება, რომელთა შორის სავარაუდოდ ასევეა უდალცოვი. ფილმის თანახმად, შეხვედრის მონაწილეები რუსეთში ფართომასშტაბიან არეულობებს გეგმავდნენ პრეზიდენტ პუტინის ჩამოგდების მიზნით.

თარგამაძემ რუსეთში მიმდინარე პროცესებში რაიმე მონაწილეობა უარყო და მას პუტინის მიერ გამოგონილი პროპაგანდა უწოდა. 

კომენტარები