ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით გიგი უგულავას პასუხობს

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, მთავრობას მარშალ გელოვანისა და სამტრედიის ქუჩების დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდის მშენებლობაზე კონსულტაციების დაწყება შესთავაზა.

უგულავას თქმით, მიმდებარე ტერიტორია მძიმე სატრანსპორტო კვანძია და იქ სამანქანო ხიდის აგება აუცილებელია. მისივე განმარტებით, აზიის განვითარების ბანკი, რომელიც ხიდის მშენებლობას აფინანსებდა, საჭირო პროცედურების ჩატარებაზე თანახმა იყო.

"მინდა, მივმართო პრემიერმინისტრსა და მთავრობას, რადგან ვეღარ გავერკვიე, ვინ იღებს ამგვარ გადაწყვეტილებებს. მინდა შევთავაზო, დაფიქრდნენ, კონსულტაციები გავიაროთ, თუ ვინმეს დიზაინი არ მოსწონს, როგორი დიზაინითაც უნდათ, ისეთი იყოს. ეს ხიდი სჭირდება ქალაქს საცობების თავიდან ასაცილებლად და ურბანული თვალსაზრისით. გადავდოთ ყოველგვარი პოლიტიკური დაპირისპირება. მზად ვართ, დავსხდეთ და გავაგრძელოთ კონსულტაციები. ამ ხიდის აუცილებლობაზე უამრავი მასალა მოგვეპოვება. დიზაინზე აკვიატება არავის გააჩნია", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

უგულავას ამ განცხადებას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. როგორც სამინისტროში განმარტეს, აღნიშნული ხიდის მშენებლობის გეგმა, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული არ იყო.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, შოთა მურღულიას განმარტებით, "2012 წლის 28 დეკემბერს მერიამ თავად გადმოუგზავნა სამინისტროს სამტრედიის ქუჩის მცხოვრებთა წერილი განსახილველად, რომელსაც 500 ოჯახი აწერდა ხელს. აღნიშნულ წერილში მოსახლეობა ხიდის მშენებლობაზე უარის თქმას ითხოვდა და მიზეზად ეკოლოგიურ პრობლემებსა და სამტრედიის ქუჩაზე არსებულ გადატვირთულ მოძრაობას ასახელებდა".

მურღულიას თქმით, სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მზად არიან, დაიწყონ ხიდის მშენებლობა, თუ ქალაქის მერია "წარმოადგენს პროექტის მოსახლეობასთან შეთანხმებულ, ალტერნატიულ ვარიანტს".

შეგახსენებთ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 18 თებერვალს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, მარშალ გელოვანისა და სამტრედიის ქუჩების დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდი აღარ აიგება. 

კომენტარები